მთავარისაქართველოწითელი ტერორის კვალდაკვალ

წითელი ტერორის კვალდაკვალ

საფიჩხიის გორაზე დახვრეტილი მღვდელი გერმანე ჯაჯანიძე ერთ-ერთია იმ ასეულობით რეპრესირებულ სასულიერო პირს შორის, რომლებიც საბჭოთა რეჟიმმა სიკვდილით დასაჯა, ან გადაასახლა. თუმცა რეპრესირებულთა ამბები, ძველი ფოტოები და დოკუმენტები თაობიდან თაობას მაინც გადაეცემოდა.

ლალი ქუთათელაძის დიდი ბაბუა 1924 წელს მიტროპოლიტ ნაზარსა და სხვა სასულიერო პირებთან ერთად, ქუთაისში, საფიჩხიის ტყეში დახვრიტეს. 1937 წლის დიდმა ტერორმა იმსხვერპლა დეკანოზ გერმანეს შვილი და ლალი ქუთათელაძის ბაბუაც, ემიგრაციიდან დაბრუნებული ინჟინერი მიხეილ ჯაჯანიძე.

„ბაბუაჩემი დაიჭირეს და დახვრიტეს იმის გამო, რომ თითქოს, აჭარაში ის ჰესი, რომელიც დღესაც მუშაობს, მდინარე მოწამლეს. არამარტო თვითონ, არამედ სამი ადამიანი დახვრიტეს. ყველა მათგანი გერმანიაში სწავლობდა”, – ამბობს ლალი ქუთათელაძე.

რეპრესირებულის ოჯახის წევრები მომხდარზე იშვიათად ლაპარაკობდნენ, ეშინოდათ. თუმცა ხალხის მტრად აღიარებული წინაპრების მძიმე მემკვიდრეობა ოჯახს საბჭოთა კავშირის დანგრევამდე მაინც თან სდევდა. ქუთათელაძე იხსენებს, როგორ არ მისცა რეჟიმმა მის მშობლებს ქვეყნიდან სამუშაოდ გასვლის უფლება.

„მაშინ გაიგეს, რომ არიან „ნევიეზდნიე”, ანუ არ ჰქონდათ ქვეყნიდან გასვლის უფლება არც ერთსა და არც მეორეს. იმიტომ, რომ იყვნენ 36-ში და 37-ში დახვრეტილი მშობლების შვილები. მე, რომელიც ვიყავი ხუთოსანი, არ მიღებდნენ კომკავშირში – უმაღლესში უნდა ჩამებარებინა. ან რა ჯანდაბად მჭირდებოდა კომკავშირი, მაგრამ ამის გარეშე უმაღლესში არ გიღებდნენ. ეს ბილეთ უნდა დაგედო.

ეს არის ისტორიის ნაწილი და ეს ისტორიები ასე თუ არ შევაკოწიწეთ, გამოდის რომ არავინ არაფერი არ იცოდა”, – ამბობს ლალი ქუთათელაძე.

სწორედ დაკარგული ისტორიის შეკოწიწებასა და აღდგენას ემსახურება ახალი გამოცემა, რომლის უკანაც 20-წლიანი შრომა, გადარჩენილი დოკუმენტაციის შესწავლა, გაციფრულება და სისტემატიზება დგას. გამოცემაზე სასულიერო პირმა გიორგი მაჩურიშვილმა და მკვლევარმა ლუარსაბ ტოგონიძემ იმუშავეს.

„ჩვენ ვეშურებოდით, რომ ეს ცოცხალი ხალხი არ დაგვეკარგა, ეს ცოცხალი მოგონებები. ხშირად, როდესაც ძველი თაობა მიდის, ბევრი რამ იფანტება. მაგალითად, ყოფილა, რომ გვეტყოდნენ: აი, იქ იყო სურათები, მივსულვართ და უკვე აღარ იყო”, – ამბობს ლუარსაბ ტოგონიძე, საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარი, გამოცემის ავტორი.

საგალობლების მკვლევარი სასულიერო პირთა ბიოგრაფიების შესწავლით 2000-იანი წლების დასაწყისში დაინტერესდა. იმ დროს, საზოგადოებისთვის მხოლოდ 20-მდე რეპრესირებული ეკლესიის მსახურის ვინაობა იყო ცნობილი. დღეს მათი რაოდენობა უკვე 300-ს აჭარბებს.

„დიდი მასშტაბის დანაშაულის მეხსიერება აუცილებელია, რათა ვიცოდეთ, რომ ეს მოხდა, ვიცოდეთ მსხვერპლის შესახებ, მიზეზების შესახებ, რომ ეს არის ოკუპაციისა და ტოტალიტარიზმის შედეგი. საბჭოთა ტოტალიტარულმა სისტემამ ჯერ მოსპო, გაანადგურა ფიზიკურად, გააქრო მართლმადიდებლური ეკლესიის მთელი იერარქია და მრევლის ნაწილი და შემდეგ პოლიტიკური მიზანშეწონილებიდან გამომდინარე, უკვე 40-იანი წლების მეორე ნახევარში ჩაანაცვლა მისი მორჩილი ფიქციური ინსტიტუტით, რომელიც სრულად ემორჩილებოდა სისტემასა და მის სპეცსამსახურს”, – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი, „საბჭოთა წარსულის ლაბორატორიის მკვლევარი”.

21 წლის ოკუპაციის შემდეგ „რევკომის” გადაწყვეტილებით, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ყველა იურიდიული უფლება ჩამოერთვა და ის კანონგარეშე ორგანიზაციად გამოცხადდა. სასულიერო პირების დევნა, დაპატიმრება, დახვრეტა და გადასახლება ოდნავ მოგვიანებით დაიწყო.

 „განსაკუთრებით სისხლიანი ანგარიშსწორება იყო 1924 წლის აჯანყების ჩახშობისას. სადღაც 50-მდე სასულიერო პირი დახვრიტეს დიდი განადგურების კამპანიის ფარგლებში. მასშტაბი საქართველოს შემთხვევაში აღწევს მინიმუმ რამდენიმე ასეულს მხოლოდ 37 და 38 წლებში განხორციელებული ოპერაციებისას და მთელი საბჭოეთის მასშტაბით უკვე ასეულ ათასამდე ადის ეს სტატისტიკა – მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურების დაპატიმრება დახვრეტის მასშტაბი”, – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი, საბჭოთა წარსულის ლაბორატორიის მკვლევარი.

საქართველოში რეპრესირებული რამდენიმე ასეულიდან პირველ გამოცემაში 55 სასულიერო პირის ისტორია მოხვდა. კიდევ 275 ისტორია დღის სინათლეს ახლო მომავალში, შემდეგ გამოცემებში იხილავს. საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ბიოგრაფიები უნიკალური ფოტოარქივით არის გაფორმებული, რომელიც მკვლევრებმა მთელს საქართველოში, რეპრესირებულთა შთამომავლების ოჯახებში შეაგროვეს.

„მხოლოდ ყურმოკვრით ვიცით რაღაცები დოკუმენტური მასალა არის გამოქვეყნებული ძალიან ცოტა, მით უმეტეს, ასე თავმოყრილი ერთ კრებულში… უდიდესი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ინფორმირებისათვის.

არ ვიცოდი 12 -13 წლამდე ამბროსი ხელაიას შესახებ არაფერი, იმიტომ, რომ ოჯახი ამას მალავდა. 12-13 წლისას დედაჩემი მომიყვა და ფოტოები მაჩვენა. მახსოვს, რომ ვიძინებდი დედა და მამა კამათობდნენ, მამა ეუბნებოდა: რატომ უთხარი? სადმე რომ თქვას მერე რას ფიქრობო. გამაფრთხილეს, რომ ამის შესახებ არაფერი მეთქვა.

ჩვენ ოჯახში გვაქვს ამბროსი ხელაიას ხელნაწერი, ბოლო სიტყვა, რომელიც სასამართლოზე წარმოთქვა და რამდენიმე წერილი, ასევე ფოტოები. ეს დოკუმენტები შემთხვევით აღმოჩნდა. ჩემმა ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ მათ შესახებ. გვქონდა დიდი მაგიდა, ჩუქურთმებით, მაუდი ეფარა. მე და ჩემი ბიძაშვილების ბავშვები დავხტოდით ზედ. ერთ დღესაც იმდენი ვიხტუნავეთ, რომ ჩატყდა. შიგნით აღმოჩნდა სამალავი, რომელშიც იყო ეს დოკუმენტები. ისე გარდაიცვალა ბებიაჩემი, როგორც ჩანს, არ უთხრა ჩემს მშობლებს ამის შესახებ, ეშინოდა…

სპეციალისტების შეფასებით, სწორედ რეჟიმის მიერ დანერგილი შიში, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, არის მიზეზი, რის გამოც რეპრესირებულთა ისტორიების დიდი ნაწილი ჩვენთვის ამ დრომდე ცნობილი არ არის.

„ეს იყო ვალდებულება, რომ ჩვენ ეს ადამიანები გაგვეცნო ქართული საზოგადოებისთვის. გვაქვს ბევრი სახელი, რომელთა შთამომავლებსაც ჯერ ვერ მივაკვლიეთ. შეხედეთ, როგორც ულამაზეს მოზაიკას, რომელიც ჩამოცვენილია და შენ ასე კენჭებს პოულობ და თავის ადგილას სვამ, როგორც პაზლს”, – ამბობს ლუარსაბ ტოგონიძე, საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარი, გამოცემის ავტორი.

მკვლევრების აზრით, საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული სასულიერო პირების რაოდენობა 400-მდე აღწევს. ავტორებს იმედი აქვთ, რომ გამოცემის გავრცელების შემდეგ გამოჩნდებიან იმ პირთა შთამომავლებიც, რომელთა მიკვლევაც ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend