უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან. ზელენსკი შეხვდება „რესპუბლიკური პარტიის” საპრეზიდენტო კანდიდატს, ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც.
უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს „გამარჯვების გეგმას“ წარუდგენს. პრეზიდენტებს შორის დაგეგმილ შეხვედრას ადასტურებს თეთრი სახლიც. მათი ცნობით, შეხვედრა 26 სექტემბერს გაიმართება.
ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისთან შეხვედრების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი „ხაზს გაუსვამენ ურყევ ერთგულებას უკრაინის მხარდაჭერისადმი, სანამ რუსეთთან ომში არ გაიმარჯვებს“.
უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ ზელენსკი სიტყვით გამოვა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და ამერიკული თავდაცვითი და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებსა და უკრაინულ დიასპორასთან შეხვედრებს გამართავს.