მთავარისაქართველოევროკავშირში გეგმავენ, მიიღონ ზომები, თუ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა

ევროკავშირში გეგმავენ, მიიღონ ზომები, თუ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა

ევროკავშირი პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველყოფას უფრო სამართლიან და უსაფრთხო სამყაროში. ევროკავშირი ეფუძნება ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა: ადამიანის ღირსების, თავისუფლების, თანასწორობის, კანონის უზენაესობის პატივისცემა, აგრეთვე, ადამიანის უფლებების პატივისცემა. ეს ფასეულობები აერთიანებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომელთაც ახასიათებს პლურალიზმი, ტოლერანტობა, სამართლიანობა, სოლიდარობა და თანასწორობა მის მოქალაქეებთან მიმართებაში. ამ ღირებულებების აღიარებასა და დაცვას მოითხოვს ევროკავშირი იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც სურთ ევროპულ ოჯახში გაწევრება, მათ შორის, საქართველოდან.

ბოლო პერიოდია, ევროკავშირის სტრუქტურებიდან ისმის განცხადებები, რომ საქართველო ამ ღირებულებებიდან გადახვევის გზაზეა, რამაც შესაძლოა არათუ ხელი შეუშალოს ჩვენი ქვეყნის შემდგომ პროგრესს ევროინტეგრაციის მიმართულებით, არამედ უკვე მიღებული უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს.

ეს პოზიცია კვლავ დაადასტურა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.

„ევროკავშირმა უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე გამოხატა შეშფოთება საქართველოში პროცესების განვითარების ტრაექტორიასთან დაკავშირებით. ჩვენ ცალსახად შეშფოთებულები ვართ, რომ იმ რეფორმების წარმოდგენის ნაცვლად, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან უფრო მეტად დააახლოებს, სამწუხაროდ, უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჩვენ გვქონდა პროცესების რამდენიმე განვითარება, რამაც გაზარდა დისტანცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის. თუ ვითარება გაუარესდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ვართ, გამოვიყენოთ ჩვენი ბერკეტები და თავისუფალი სავიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება ერთ-ერთი მათგანია. რა თქმა უნდა, მაგიდაზეა, მათ შორის, საქართველოსთვის თავისუფალი სავიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება, პროცესების განვითარებაზე დაფუძნებით. მხოლოდ ქართველების გადასაწყვეტია, როგორ ქვეყანაში სურთ ცხოვრება, 26 ოქტომბერს მათ ექნებათ შესაძლებლობა, წავიდნენ, ხმა მისცენ და აირჩიონ თავიანთი მომავალი ლიდერები“, – აცხადებს ელჩი.

„ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი მიიჩნევს, რომ განცხადებები ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით სპეკულაციაა და რეალურ გარემოებებს არ ეფუძნება.

„ევროკავშირის მხრიდან რისი მოსმენაც შეიძლებოდა, ყველაფერი ივლისში მოვისმინეთ. ვნახეთ, რომ სხვადასხვა ინსტიტუტმა გარკვეული წინადადებები მოამზადა. ასევე ევროკავშირის საბჭოს საკმაოდ კრიტიკული დასკვნა ვნახეთ, სადაც მსგავსი საკითხი ასახული არ ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ისეთი საკითხია, რაზეც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვერ თანხმდებიან, თუმცა გრძელდება უვიზო მიმოსვლის საკითხით სპეკულირება. ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ არის საკითხები, რასაც ზოგიერთი ძალები იმისთვის იყენებენ, რომ გარკვეული გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე. იყენებენ იმისთვის, რომ შანტაჟის ენით დაელაპარაკონ ქართველ ხალხს და გავლენა მოახდინონ მათ გადაწყვეტილებებზე არჩევნების პროცესში. ამ თემით სპეკულირებას სხვა ახსნა არ აქვს, რადგან შეუძლებელია, წინასწარ საუბრობდე არჩევნების დარღვევებზე, მაშინ, როცა არჩევნები წინაა. საქართველოში არჩევნების ჩატარების გამოცდილება არის და მსგავსი დრამატული შეფასებების გაკეთების საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებდნენ, რომ ევროკავშირს არ სურს ქართველ ხალხს უვიზოდ მიმოსვლა შეუზღუდოს. თუმცა, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები მხოლოდ ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს ევროპელ პარტნიორებში. მათი განცხადებით, ვითარების შეცვლა მხოლოდ არჩევნების გზით, ისევ ქართველი ხალხის ნების გამოხატვით იქნება შესაძლებელი.

„საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად ატარებდეს რეფორმებს ახალი ხელისუფლების პირობებში და ძალიან სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკება [ევროკავშირთან] სრულ გაწევრიანებაზე. მიგვაჩნია, რომ საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ უნდა შეეზღუდოს წვდომა იმ სიკეთეებზე, რომლებიც ევროკავშირიდან მოდის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ძალიან დამაზიანებელი მოქმედებებისთვის, რომლებიც „რუსული კანონისა“ და რუსული პოლიტიკის მეშვეობით ხელისუფლებამ გაატარა, პასუხი უნდა აგონ კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა და თანამდებობის პირებმა, ხოლო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გააგრძელოს სარგებლობა ყველა იმ სიკეთით, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციით, რომელიც მოდის ევროპიდან და ევროკავშირიდან.

მთავარი საკითხი, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე დგას, ეს არის გადავარჩინოთ საქართველოს ევროპული გზა, გადავარჩინოთ ვიზალიბერალიზაციის პროცესი და კიდევ უფრო მეტ სიკეთეზე ჰქონდეთ საქართველოს მოქალაქეებს წვდომა, რომელიც ახლა „ქართული ოცნების“ დამსახურებით არის შეჩერებული. ამიტომ, 26 ოქტომბრის არჩევნებში, სულ რაღაც 36 დღეში, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, რომ შეცვალოს ის არასწორი კურსი, რომელსაც დაადგა „ქართული ოცნება“ და რომელიც აზიანებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ქმნის ძალიან სერიოზულ საფრთხეებს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის“, – აცხადებს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი.

უვიზოდ მიმოსვლასთან ერთად საქართველოს ახლა ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსიც აქვს და აქვს ისტორიული შანსი ეს პროცესი 2030 წლამდე ევრობლოკის წევრობაში გადაიზარდოს. ევროკავშირის გზავნილების მიხედვით, წევრი ქვეყნები ყურადღებით დააკვირდებიან, თუ როგორ ჩაივლის საქართველოში არჩევნები, რომელსაც ბევრი ერთგვარ რეფერენდუმსაც უწოდებს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend