ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინას გადასცემს 35 მილიარდ ევრომდე ოდენობის სესხს, რომელიც „დიდი შვიდეულის“ მიერ შეთანხმებული გეგმის ფარგლებში გამოიყოფა. მისი თქმით, ეს არის ევროკავშირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის აღდგენაში და რუსეთის დაუნდობელ თავდასხმებთან გასამკლავებლად უკრაინას მუდმივი მხარდაჭერა სჭირდება. ეს სესხი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების უფრო ფართო გეგმის ნაწილია და მისი მიზანია, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენებით თანხების მოძიება.
„ევროკომისიამ მიიღო წინადადებები, რომელთა მიხედვითაც, ევროკავშირს საშუალება ექნება, უკრაინას 35 მილიარდ ევრომდე ოდენობის სესხი გადასცეს „დიდი შვიდეულის“ შეთანხმებიდან. ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინას ამ სესხს ძალიან მალე გადავცემთ. სესხს, რომელსაც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგება ასაზრდოებს. ეს სესხი პირდაპირ თქვენს ეროვნულ ბიუჯეტში შემოვა და გააუმჯობესებს უკრაინის მაკროფინანსურ სტაბილურობას. თქვენი გადასაწყვეტი იქნება როგორ გამოიყენებთ ამ თანხებს. ჩვენ გაძლევთ მაქსიმალურ თავისუფლებას თქვენი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ასევე შეძლებთ სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას, რომ რუსული აგრესიისგან თავი დაიცვათ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
It was a pleasure meeting @Denys_Shmyhal.
Thanks to our great cooperation, the €50 billion Ukraine Facility is delivering.
We also discussed Ukraine’s accession path.
It remains a key priority for me.
We support your ambitious work. pic.twitter.com/2UheuKwG3U
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) September 20, 2024
ფინანსური დახმარების გარდა ევროკავშირი უკრაინას ინფრასტრუქტურის შეკეთებითა და დამატებითი ექსპორტით დაეხმარება. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში 19 სექტემბერს განაცხადეს, რომ ზამთარში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდის გამო უკრაინაში დეფიციტმა, შესაძლოა, 6 გიგავატს მიაღწიოს.