ყავის მწარმოებლები ბრაზილიის სან-პაულუს შტატში ტყის ხანძრების შედეგად მიღებულ ზარალს ითვლიან. ბრაზილია, რომელიც ყავის უდიდესი მწარმოებელია, ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე საშინელი გვალვის მომსწრეა.
კაკონჯის მუნიციპალიტეტი ყავის მწარმოებელი ერთ-ერთი უდიდესი რეგიონია. ტყის ხანძრებმა აქ 600 ჰექტარი და ყავის 50 ფერმა მოიცვა. ადგილობრივი ფერმერები ცეცხლის ჩაქრობის პროცესში საკუთარი ძალებით იყვნენ ჩართული.
„მე 8000-დან 10 000-მდე ყავის ხე დავკარგე. ჩვენ ველოდით, რომ მოსავლის სახით 500-600 ტომარას ავიღებდით, თუმცა ახლა მხოლოდ ნახევარს ავიღებთ. მეორე ნახევარი დაიწვა“, – ამბობს ჰელიო მორერა.
ბრაზილიაში გვალვა უკვე 2025-2026 წლის სეზონის მოსავალზეც მოქმედებს. ეს დასკვნა სან-პაულუს უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა გააკეთა. მოხსენებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ მსგავსი პრობლემის წინაშეა ვიეტნამიც, რომელიც ყავის მეორე უდიდესი მწარმოებელია. სიცხე და გვალვა ყავის მოსავალს ვიეტნამშიც მნიშვნელოვნად ამცირებს. ორივე ქვეყანაში ყავის მიწოდების დეფიციტის შექმნის საშიშროებამ კი ყავის ფასების გლობალური ზრდა განაპირობა.
ბაზარი ყურადღებით აკვირდება ბრაზილიური ყავის ნათესების ზრდის პროცესს არახელსაყრელ პირობებში, რამაც შესაძლოა ნათესების აყვავების პროცესი შეაჩეროს და ნაკლებმოსავლიანობა გამოიწვიოს.
„შესაძლოა, ყავის მოსავლიანობა შემცირდეს და ვინაიდან ბაზარი მსგავსი ცვლილებების მიმართ მგრძნობიარეა, ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ნიუ-იორკში ყავა „არაბიკას” ფასი და ევროპაში ყავა რობუსტას ფასი საგრძნობლად გაიზარდა“, – ამბობს ფილიპე სერიგატი, აგრობიზნესის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.
ყავის ფასი იზრდება, თუმცა ჯერჯერობით არ მიუღწევია იმ რეკორდული ნიშნულისთვის, რომელიც 1970-იან წლებში ჰქონდა. მაშინ ძლიერი ყინვის შედეგად ბრაზილიის ყავის ნათესების 70% განადგურდა.
აგვისტოში ყავის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლითაც 500 გრამი ყავის ღირებულებამ საშუალოდ 2.38$ შეადგინა. ეს 55%-ით მეტია ერთი წლის წინანდელ ფასზე. მიუხედავად ამისა, ყავის საერთაშორისო ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ წელს ყავის მიწოდება მოთხოვნას გადააჭარბებს და ამით ფასების ზრდას დაარეგულირებს.