„ევროპა რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის მომდევნო 6-8 წლის განმავლობაში უნდა მოემზადოს”, – ეს ევროკავშირის თავდაცვის კომისრობის კანდიდატმა ანდრიუს კუბილიუსმა „როიტერსთან” ინტერვიუში განაცხადა.
რუსეთის მეზობელი ქვეყნის ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და უკრაინის მტკიცე მხარდამჭერი, რომელსაც პოსტზე დამტკიცების შემთხვევაში კონტინენტის სამხედრო ინდუსტრიის გაძლიერება დაეკისრება, მიიჩნევს, რომ შესაძლო კონფრონტაციისთვის მოსამზადებლად ცოტა დროა დარჩენილი.
„თავდაცვის მინისტრები და ნატოს გენერლები თანხმდებიან, რომ ვლადიმერ პუტინი ნატოსა და ევროკავშირთან დაპირისპირებისთვის მომდევნო 6-8 წელიწადში იქნება მზად. თუ ამ შეფასებებს სერიოზულად მივუდგებით, მაშინ დროა, სწრაფად მოვემზადოთ. დრო ცოტაა და ეს ნიშნავს, რომ სწრაფი და ამბიციური გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.
ანდრიუს კუბილიუსის თქმით, მოხარული იქნება, თუ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად 500 მილიარდ ევროზე მეტის ინვესტირება იქნება შესაძლებელი. თუმცა მისთვის ნაკლებად მკაფიოა, საიდან უნდა გამოიყოს ეს თანხა.
„ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. თავდაცვის ევროკომისარმა უნდა იცოდეს, როგორ დახარჯოს თანხა და არა როგორ მოიპოვოს იგი. ეს კომისიის სხვა წევრების პასუხისმგებლობაა“, – აღნიშნა თავდაცვის ევროკომისრობის კანდიდატმა.
ანდრიუს კუბილიუსი ევროკავშირის ისტორიაში ბლოკის თავდაცვის კომისრობის პირველი კანდიდატია. იგი იქნება პირველი, ვინც ამ თანამდებობის მნიშვნელობას განსაზღვრავს.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიაში ახალი პოზიციის შექმნის შესახებ თავდაპირველად წლის დასაწყისში დაიწყო საუბარი, როგორც პასუხი რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესიის გამო. რაც ნიშნავს, რომ ბლოკი არღვევს მრავალწლიან ტრადიციას, შეასრულოს წმინდად სამშვიდობო პროექტის როლი.
ანდრიუს კუბილიუსის თქმით, იგი საკუთარ როლს, ნატოსთან კონკურენციაში მყოფ პოზიციად არ აღიქვამს. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს სამხედრო მეთაურები არ ეყოლება, ბლოკს ფინანსების უზრუნველსაყოფად აქვს მეტი ინსტრუმენტი, რომელთაც სამხედრო ალიანსი არ ფლობს.
თავდაცვის საკითხებში ევროკომისრობის კანდიდატი ამბობს, რომ ამ პოსტზე მისი პირველი ნაბიჯი ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატობის კანდიდატ კაია კალასთან თანამშრომლობა იქნება. იგი იმედოვნებს, რომ მუშაობის პირველი 100 დღის განმავლობაში დაასრულებს თავდაპირველ, გაცნობით ფაზას და სიღრმისეულად შეისწავლის, თუ რა რესურსები სჭირდება ბლოკს სამხედრო გამოწვევებისთვის მოსამზადებლად.
რაც ყველაზე ცხადია, ეს ანდრიუს კუბილიუსის რუსეთ-უკრაინის ომისადმი დამოკიდებულებაა.
„მათ, ვინც ამტკიცებს, რომ უკრაინა უნდა დასთანხმდეს რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის სამშვიდობო პირობებს, ვთავაზობ, პუტინისთვის საკუთარი ქვეყნის ტერიტორიის გადაცემა განიხილონ. მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა გაიმარჯვებს და მისი ტერიტორიული სუვერენიტეტი დაცული იქნება. ეს მხოლოდ ჩვენი ბევრად უფრო გრძელვადიანი მხარდაჭერით შეიძლება გაკეთდეს“, – ამბობს ანდრიუს კუბილიუსი.
ურსულა ფონ დერ ლაიენის დავალებით, ანდრიუს კუბილიუსი ევროკავშირის დანაწევრებული თავდაცვის ინდუსტრიის ორგანიზებაზე იქნება პასუხისმგებელი. მას ასევე მოუწევს თავდაცვის ინდუსტრიაში სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების მოზიდვა, ევროპული საჰაერო ფარის შექმნა, თავდაცვისა და კოსმოსური ინდუსტრიებისთვის ერთიანი ბაზრის ჩამოყალიბება და უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იარაღის მიწოდების ხელშეწყობა.
მიუხედავად ევროკომისიის ახალ პორტფელთან დაკავშირებული ვალდებულებების გრძელი სიისა, ბლოკი კონტინენტის თავდაცვაში მაინც პერიფერიულ როლს თამაშობს.
თუმცა, პოზიციის წონა და ევროკავშირის თავდაცვის მომავალი უპირველეს ყოვლისა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად იქნება მზაობა წევრი ქვეყნების მხრიდან, გამოყონ სათანადო თანხა ინდუსტრიის გასაძლიერებლად.