მთავარიკუბიროგორ ეხმაურებიან საქართველოში კესარია აბრამიძის მკვლელობას

როგორ ეხმაურებიან საქართველოში კესარია აბრამიძის მკვლელობას

დღეს, 19 სექტემბერს, სოციალურ ქსელში არ წყდება ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოხმაურება. ამ თემაზე საუბრობენ უფლებადამცველი ორგანიზაციები, პოლიტიკოსები თუ რიგითი მოქალაქეები.

„მინდა მწუხარება გამოვხატო კესარია აბრამიძის შემზარავი მკვლელობის ფაქტის გამო! პირველ რიგში ვუსამძიმრებ ოჯახსა და ახლობლებს და იმედს ვიტოვებ, რომ დამნაშავე უმოკლეს ვადებში და უმკაცრესად იქნება დასჯილი. ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სიძულვილისა და გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ სამართალდამცავი ორგანოებისა და საზოგადოების რეაგირება განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს“, – წერს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.

„საზარელი მკვლელობა! ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენს საზოგადოებას… სიძულვილში ჩაფლული, სიძულვილი, რომელიც მტერს აძლევს ყველა მანიპულაციის საშუალებას, რომელიც გვასუსტებს და გვაცალკევებს. ამ მშვენიერი ახალგაზრდა ქალის სიკვდილი ჩვენ გაადამიანურებასა და გაქრისტიანებას მაინც გამოადგეს… ტყუილად არ ჩაიაროს ამ ტრაგედიამ!“ – წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკზე.

„უკვე წლებია პოლიტიკური ჰომოფობია და გენდერული უთანასწორობის თესვა ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალის დღის წესრიგად იქცა – აღნიშნული გარემოებების შედეგია გუშინ მომხდარი შემზარავი მკვლელობა”, – წერია ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” განცხადებაში.

„სამწუხაროდ, აქაც ყველაზე გარიყული და მოწყვლადი ტრანსადამიანები არიან, განურჩევლად იმისა, რამდენად დაცულად ვგრძნობთ თავს“, – წერია „თანასწორობის მოძრაობის” განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, „პოლიტიკურ რიტორიკაში სიძულვილის ენის გამოყენებასა და სიძულვილით მოტივირებულ ძალადობას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. თითქმის ერთი წელია, რაც „ქართული ოცნების” ხელისუფლება აგრესიულად იყენებს ჰომო/ბი/ტრანსფობიურ ენას და მისი კულტივირება პროპაგანდის მასობრივი იარაღით ხდება. პოლიტიკური ჰომო/ბი/ტრანსფობია ხელისუფლების ოფიციალურ დისკურსსა და იდეოლოგიად იქცა, რაც ყველაზე ნათლად გუშინ ანტილგბტი ფაშისტური კანონმდებლობის მიღებაში გამოვლინდა. ცხადია, სიძულვილის პოლიტიკა იწვევს მძიმე შედეგებს – ლგბტქ(ი) ადამიანების ჩაგვრას, მარგინალიზაციას და მათ მიმართ ძალადობას. კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმე ამ მძიმე საერთო კონტექსტის გარეშე ვერ აღიქმება”.

„დღეს საქართველოში ჩვენი თემის ცხოვრება ტრაგედიიდან ტრაგედიამდე იმის შიშში არსებობაა, ვისი გამოგლოვა მოგვიწევს შემდეგ, ან თავად ჩვენ ხომ არ ვიქნებით შემდეგი. სისტემურად ნაწარმოები სიძულვილი არსად მიდის და საბოლოოდ ყოველთვის ძალადობაში ითარგმნება, ჩვენს სხეულებზე ტოვებს კვალს. სახელმწიფოსა და მოძალადეების ჰარმონიულ თანამშრომლობას მივყავართ ასეთ სავალალო შედეგებამდე. ამის თანაშემოქმედი და წამხალისებელი რეჟიმი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებას.

მოვითხოვთ სათანადო ზომების მიღებას სახალხო დამცველის, სამოქალაქო და პოლიტიკური ჯგუფებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან. მოვითხოვთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების პროცესში ჩართოს დამოუკიდებელი ექსპერტები და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, ეფექტური გამოძიებისა და მომავალში მსგავსი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების აღკვეთისათვის”, – წერია „თბილისი პრაიდის” განცხადებაში.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend