ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ხმის მიმღები მოწყობილობების აფეთქებას 20-ამდე ადამიანი ემსხვერპლა, 450 კი დაშავდა. მანამდე პეიჯერების აფეთქების შედეგად, რომლებსაც „ჰეზბოლას” სამხედრო დაჯგუფება იყენებდა, 12 ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დაშავდა.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის” ცნობით, „ჰეზბოლამ” ხმის მიმღები მოწყობილობები 5 თვის წინ შეიძინა, დაახლოებით მაშინ იყიდა პეიჯერებიც. როგორც ცნობილია, ხმის მიმღები მოწყობილობები იაპონიაში იყო წარმოებული.
ალჟირის ხელისუფლებამ ყველა არაბული სახელმწიფოს სახელით მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევა. სხდომა 20 სექტემბერს გაიმართება.
„ჰეზბოლას” აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი ჰაშემ საფიედინი მომხდარზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს და ამბობს, რომ შურს იძიებენ.
განცხადება გაავრცელა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა. მისი თქმით, იწყება „ომის ახალი ფაზა“, რომლის ფარგლებშიც სამხედრო მოქმედებები გაძლიერდება ლიბანის საზღვარზე.
ამჟამად, სოციალურ ქსელში ვრცელდება რამდენიმე მოსაზრება, მათ შორის, ცნობილი ექსპერტების ანალიზი იმის შესახებ, თუ როგორ და რა ვითარებაში აფეთქდა პეიჯერები და სხვა ისეთი მოწყობილობები, რომლებიც ინტერნეტს არ უკავშირდება.
მაგალითად, საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი” წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სავარაუდოდ ოპერაციის განხორციელებაში მონაწილეობდა „ქვედანაყოფი 8200“. ეს არის ისრაელის თავდაცვის ძალებში არსებული საიდუმლო დაზვერვის დეპარტამენტი. „როიტერსის” განცხადებით, თავდასხმა ერთი წლის განმავლობაში იგეგმებოდა.
წყაროს ცნობით, რომელსაც ეყრდნობა „სკაი ნიუსი”, „მოსადის” აგენტებმა (ისრაელის დაზვერვის სამსახური) მოწყობილობების ბატარეებზე მოათავსეს ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება PETN და ააფეთქეს დისტანციურად ტემპერატურის აწევით.
ამავდროულად, ასევე განიხილება ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენება, რომელიც ყალბ ელექტრონულ ნაწილში დამალეს და ის სპეციალური ციფრული შეტყობინების მიღების შემდეგ გააქტიურდა.
ოფიციალური დასკვნა მომხდარ ფაქტებზე ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.