37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცი დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ., გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”.
თბილისში 18 სექტემბერს ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მისი ცხედარი დიდ დიღომში, საკუთარ ბინაში იპოვეს. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კესარია აბრამიძის მკვლელობას არაერთი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან.
„საზარელი მკვლელობა! ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენს საზოგადოებას… სიძულვილი, რომელიც მტერს აძლევს ყველა მანიპულაციის საშუალებას, რომელიც გვასუსტებს და გვაცალკევებს. ამ მშვენიერი ახალგაზრდა ქალის სიკვდილი ჩვენ გაადამიანურებასა და გაქრისტიანებას მაინც გამოადგეს…ტყუილად არ ჩაიაროს ამ ტრაგედიამ!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
მკვლელობის ფაქტზე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანიც.
„მინდა მწუხარება გამოვხატო კესარია აბრამიძის შემზარავი მკვლელობის ფაქტის გამო! პირველ რიგში ვუსამძიმრებ ოჯახსა და ახლობლებს და იმედს ვიტოვებ, რომ დამნაშავე უმოკლეს ვადაში და უმკაცრესად დაისჯება. ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სიძულვილისა და გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის მიმართ სამართალდამცავი ორგანოებისა და საზოგადოების რეაგირება განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს”, — წერს ლევან იოსელიანი.