ევროკავშირმა დაიწყო უნგრეთისთვის განკუთვნილი 200 მილიონი ევროს ბიუჯეტიდან გამოქვითვის პროცედურები მას შემდეგ, რაც უნგრეთმა ამ თანხის გადახდის ვადას მეორედ გადააცილა.
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ უნგრეთის მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის პოლიტიკის დარღვევა დაადგინა და ბუდაპეშტს ჯარიმის სახით 200 მილიონი ევროს გადახდა მიგრანტებისთვის თავშესაფრის მოთხოვნის უფლების წართმევის გამო დააკისრა.
ევროკომისიამ განმარტა, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან თანხის გამოქვითვა აღსრულების უკიდურესი ფორმაა, რომელიც კანონთან სრულად შესაბამისია.
„რაც შეეხება 200-მილიონიან ჯარიმას, გადახდისთვის გამოყოფილი 15-დღიანი ვადა გუშინ ამოიწურა. ეს ნიშნავს, რომ ევროკომისია წესისამებრ, მომდევნო მექანიზმს აამოქმედებს. ამრიგად, ჩვენ ვაპირებთ ევროკავშირის ბიუჯეტიდან უნგრეთისთვის განკუთვნილი 200 მილიონი ევრო ბუდაპეშტს გავუქვითოთ“, – აცხადებს ევროკომისიის სპიკერი ბალაჟ უჯვარი.
აგრეთვე, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ უნგრეთს დამატებით მილიონი ევროს გადახდა ყოველ გადაცილებულ დღეზე დააკისრა.
მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ ვიქტორ ორბანი ბრიუსელს უნგრეთის სამხრეთ საზღვრიდან მიგრანტების ბრიუსელში გაგზავნით დაიმუქრა. დამატებით, ბუდაპეშტი აპირებს ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლოს და მოითხოვოს იმ 2 მილიარდი ევროს ანაზღაურება, რაც უნგრეთმა ევროკავშირის საზღვრის დაცვაში დახარჯა.