მთავარიგადაცემებიOceanზღვის სითბური ტალღები ხანძარივით ვრცელდება

ზღვის სითბური ტალღები ხანძარივით ვრცელდება

კვიპროსის ზღვისა და საზღვაოსნო ინსტიტუტში სწავლობენ, თუ როგორ ანადგურებს სითბური ტალღები წყალქვეშა ეკოსისტემას. კვიპროსელი მეცნიერების კვლევებს ევრონიუსის გადამღები ჯგუფი მათივე თხოვნით ადგილზე გაეცნო და გააშუქა.

კვიპროსზე რეკორდულად მაღალი სიცხე ხმელეთსაც ხრუკავს და მის მიმდებარე ზღვის აკვატორიასაც.

თბილი ზღვა, მართლაც, შესანიშნავია შვებულების დროს, თუმცა ზღვის ფლორასა და ფაუნას დიდ საფრთხეს უქმნის. თუ გავითვალისწინებთ, რომ ოკეანე უფრო დიდხანს ინარჩუნებს მაღალ ტემპერატურას, საინტერესოა, მაინც რა საფრთხე ექმნება ამის გამო წყალქვეშა ეკოსისტემას – ან როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ უარესი სცენარი თავიდან ავირიდოთ?.

“დღეს ცუდი ხილვადობაა – როგორც წესი, წყალი გამჭვირვალეა ხოლმე“, – ამბობს ლუის ჰაჯიოანუ, CMMI-ის ზღვის ეკოლოგი, რომელიც დღევანდელ ყვინთვას ხელმძღვანელობს.

აშკარაა, რომ ლარნაკას მახლობლად სანაპირო ზოლში ეკოსისტემას რაღაც უჭირს. გასულ წელს აქ ზღვის წყალმცენარეების მინდორი ბიბინებდა, რომელიც ნამდვილი სამოთხეა კუსა და სკაროსებისთვის. ახლა აქაურობა უსიცოცხლო სივრცეა, რომელიც სავსეა ერთ დროს გავრცელებული ღრუბელას სახეობის ნარჩენებით.

“ჩვენ ტემპერატურის მატების ეპიცენტრში ვართ როგორც ხმელეთზე, ისე წყალში. და ეს მზარდი ტემპერატურა, რომელიც სულ უფრო ხშირი და ხანგრძლივია, აშკარად ვნებს ორგანიზმებს. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს – მათი სიკვდილია. ისინი იხოცებიან“, – განმარტავს ლუის ჰაჯიოანუ.

ინვაზიური სახეობების შემოსევა

მაშინ, როცა ადგილობრივი სახეობები სიცხის მატების ფონზე გადარჩენისთვის იბრძვიან, ახლომდებარე წითელი ზღვიდან უცხო სახეობები შემოდიან და საბოლოოდ ანგრევენ ადგილობრივ ეკოსისტემას.

“ტემპერატურის მატების ფონზე სულ უფრო მეტი სახეობა ახერხებს შემოსვლას სუეცის არხის გავლით, ისინი სასიცოცხლოდ შესანიშნავ პირობებს პოულობენ. ხშირად ეს ახალი სახეობები სჯობნიან კიდეც ადგილობრივებს, ანაცვლებენ მათ და ამით უამრავ პრობლემას ქმნიან“, – ამბობს ლუის ჰაჯიოანუ.

ათ წელზე მეტია, კვიპროსელი მეცნიერები ყურადღებით აკვირდებიან ზღვის ტემპერატურას სპეციალური წყალქვეშა სენსორების საშუალებით.

“ახლა იმ ადგილს ვუახლოვდებით, სადაც ჩვენი მონაცემთა შემგროვებელი ხელსაწყოა“, -გვიხსნის ლუისი.

ჩანაწერები აჩვენებს, რომ კვიპროსის აკვატორიაში წყლის ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში იმატებს, განსაკუთრებით მეჩხერ წყალში, სადაც წყალქვეშა სიცოცხლე მარჯნის რიფებზეა დამოკიდებული. მკვლევართა გუნდი ფოტოებს უღებს მარჯნის რიფებს, რათა დროთა განმავლობაში მიმდინარე ცვლილებები აღნუსხოს.

მკვლევართა გუნდი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორი პროექტის ფარგლებში მუშაობს. ესენია PUREEF-Y და EFFECTIVE-ი. ეს პროექტები იკვლევენ ზღვის სითბური ტალღების გავლენას რიფებზე და ცდილობენ, ბუნებრივი გზით დაიცვან და აღადგინონ ზღვის ფსკერის ეკოსისტემა მანამ, სანამ ის საბოლოოდ გაქრება.

ლუის ჰაჯიოანუ, CMMI-ის ზღვის ეკოლოგი:

“ჩვენ შევეცდებით, რომ ლექის ნიმუშები ავიღოთ. ლექიდან ან უშუალოდ რიფის სიღრმიდან თუ აიღებ ნიმუშს, შესაძლებელია გაიგო, თუ როგორი იყო წარსულში კლიმატი და მერე აუყვე ზემოთ შრეების მიხედვით და დააკვირდე, თუ როგორ იცვლებოდა ის წლების განმავლობაში დღემდე“.

ნიადაგის ანალიზი აჩვენებს, თუ რა გავლენას ახდენს სითბური ტალღა დაბინძურების დონესა და სხვა მახასიათებლებზე.

“ლექის საშუალებით ასევე ვსწავლობთ მეიოფაუნას,“ – განმარტავს ელენი ქრისტოფორუ, CMMI-ის ზღვის ბიოლოგი. „ეს არიან ციცქნა ორგანიზმები, რომელთა ბიომრავალფეროვნებაც დამოკიდებულია ტემპერატურაზე, საკვებსა და სხვა პირობებზე. ზოგიერთი სახეობა შეიძლება გადაშენდეს მხოლოდ იმიტომ, რომ წყალი ან ქვიშა ძალიან ცხელია, ან საკვები ნივთიერება შეიცვალა კლიმატის ცვლილებისა და სითბური ტალღების გამო“.

კვიპროსის აკვატორიაში მიმდინარე კრიზისი მხოლოდ ერთი მაგალითია იმ გლობალური ფენომენისა, რომელსაც ყურადღებით აკვირდებიან საფრანგეთში, ტულუზაში მდებარე არაკომერციული ორგანიზაცია „მერკატორის საერთაშორისო ოკეანის“ (Mercator Ocean International) ოკეანოგრაფები.

დოქტორი კარინა ფონ შუკმანი, რომელიც კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ანგარიშგების წამყვანი ავტორია, გვიხსნის, რომ გახშირებული სითბური ტალღები ჩვენს პლანეტაზე სითბოს დარღვეული ბალანსის შედეგია.

კარინა ფონ შუკმანი, ოკეანოგრაფი , Mercator Ocean International-ის ოკეანის კლიმატის მონიტორინგის სპეციალისტი:

“ზღვის სითბური ტალღები იმიტომ ჩნდება, რომ ატმოსფეროში ვრცელდება სითბური ტალღები. ატმოსფეროს ოკეანეზე ზემოქმედების შედეგად ოკეანე თბება, ქარის სიჩქარე იკლებს და ა.შ. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს სითბურ ტალღებს. კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ექსპერტთა ჯგუფის (IPCC-ის) ბოლო მონაცემებით, ზრდას ექსტრემალური ხასიათი აქვს – ექსტრემალური ამინდის პირობები გართულდა და გახშირდა“.

ზღვის სითბური ტალღები ხანძარივით ვრცელდება

ზღვის სითბური ტალღა არის ზღვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივად შენარჩუნება. ეს მოვლენა მსოფლიო ოკეანეს ტყის ხანძრებივით მოედო. იგი საფრთხეს უქმნის ეკოსისტემას, თევზის რეწვას, აკვაკულტურასა და ტურიზმს. სითბური ტალღა შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე კვირა, თვე და წელიც კი.

ხმელთაშუა ზღვის წყლის ზედაპირის ტემპერატურა 1980-იანი წლებიდან მოყოლებული გამუდმებით იზრდებოდა. ეს ტრენდი დიდი ალბათობით 21-ე საუკუნის ბოლომდე გაგრძელდება. ზღვის სითბური ტალღების უკეთ შესასწავლად „მერკატორის საერთაშორისო ოკეანემ“ მოწინავე კომპიუტერული მოდელები შეიმუშავა, რომელთა მეშვეობითაც კოპერნიკუსის ზღვის სერვისს ახორციელებს – ეს სერვისი ევროკავშირის „კოპერნიკუსის“ პროგრამის (Copernicus Programme) ნაწილია.

“ჩვენ ყველა შესაძლო დაკვირვებას ვაგროვებთ, იქნება ეს სატელიტური თუ ზღვაში ავტონომიური ტივტივების, გემებისა და სხვა ტიპის ხელსაწყოების საშუალებით აღებული მონაცემები,“ – ამბობს მარი დრევილონი, Mercator Ocean International-ის ოკეანოგრაფი. „ჩვენ თავს ვუყრით ამ ყველაფერს გამოსავალის მოდელირებულ სცენარში. ვაკეთებთ მომდევნო ათი დღის პროგნოზს, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ, იქნება თუ არა კიდევ ზღვის სითბური ტალღა იმავე ადგილზე ერთი კვირის შემდეგ, ან ხომ არ მიიღებს სხვა სახეს. ასევე კვირაში ერთხელ ვაქვეყნებთ ბიულეტენებს, რომლებიც ასახავს მიმდინარე მონაცემებს“.

“უნდა გავიგოთ, რომელი ბიომრავალფეროვნება განადგურდება სამუდამოდ, რა გავლენა ექნება ამას და როგორ აისახება ზოგად წონასწორობაზე. და, რაც მთავარია, როგორ შეგვიძლია აღვკვეთოთ ის დიდი ზიანი, რომელიც ოკეანეს მივაყენეთ“, – განმარტავს პიერ ბაჰურელი, Mercator Ocean International-ის გენერალური დირექტორი.

მეცნიერების გათვლებით, მსოფლიოში დარჩენილი მარჯნის რიფების 90 პროცენტი 2050 წლისთვის შესაძლოა გაქრეს. რიფების სიცოცხლისუნარიანობას ხელი რომ შეუწყონ, კვიპროსელი მეცნიერების გუნდი ექსპერიმენტებს ატარებს მარჯნის სანერგეებში. ისინი საფრთხეში მყოფი მარჯნის სახეობების ფრაგმნეტებს უსაფრთხო ადგილას ათავსებენ, მტაცებლებისგან შორს. ამ ინიციატივის მიზანი ის არის, რომ მარჯნის ნამყენი დაცულ სანერგეში გაიზარდოს. ხოლო მოგვიანებით მას ზღვის ფსკერზე გადარგავენ, რითაც ხელს შეუწყობენ რიფების ჯანსაღი ეკოსისტემის აღდგენას. ჩვენ თან გავყევით ამ გუნდს პლატფორმათა ქსელისკენ, რომელიც ზღვის ზედაპირიდან 5 მეტრის სიღრმეზეა განთავსებული.

ლუის ჰაჯიოანუ, CMMI-ის ზღვის ეკოლოგი:

“ჩვენ მოტივტივე სანერგეზე ვიმყოფებით. ეს პირველი სასინჯი მოტივტივე სანერგეა ხმელთაშუა ზღვაში. ჩვენ ვაპირებთ აქ მარჯნის ჩანერგვას და მერე დავაკვირდებით სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში ფოტოგრამმეტრისა და სხვა გამოსახულების აღმბეჭდი მეთოდებით“.

დრო აჩვენებს, თუ რამდენად იხარებს მარჯანი დამთბარ ზღვაში.

“ახლა ზღვის სითბური ტალღების პიკია. ჩვენ გავაგრძელებთ მარჯნის ნერგების ჩარგვას მოტივტივე სანერგეში წელიწადის სხვადასხვა დროს, რათა ვნახოთ, რა გამოვა“, – ამბობს ლუის ჰაჯიოანუ. “ამჟამად დარწმუნებული ვართ, რომ ზღვა 10-20 წელიწადში სულ სხვა იქნება. ჩვენ იმას მაინც ვეცდებით, რომ გადავარჩინოთ ზოგიერთი ისეთი ძირითადი სახეობა, რომლებიც ბიომრავალფეროვნების დანარჩენი ნაწილის არსებობას უწყობენ ხელს. და იმედს ვიტოვებთ, რომ მოსალოდნელი ცვლილებები არც ისე სავალალო და ფატალური იქნება ზღვის ეკოსისტემისთვის“.

ოკეანე კი დათბობას განაგრძობს და იწურება მრავალი სახეობის სიცოცხლის ვადაც, რადგან მომავალში ისინი შესაძლოა საერთოდ გადაშენდნენ.

ავტორი: დენის ლოქტიე

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend