ბუდაპეშტში, უკრაინულ-უნგრულ ორენოვან სკოლაში, სწავლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ეს ორენოვანი სკოლა უკრაინელი ლტოლვილი ბავშვებისთვის ევროპაში ერთადერთია, რომელიც სთავაზობს მათ როგორც უკრაინულ, ისე მიმღები ქვეყნის სერტიფიკატს. არასამთავრობო ორგანიზაცია „უკრაინული ტრადიციების სახლს” ორი წელი დასჭირდა ამ სკოლის დასაარსებლად. როგორც აღმოჩნდა, უკრაინელმა მოსწავლეებმა, რომლებიც ჩარიცხული იყვნენ უნგრეთის სკოლებში, ვერ შეძლეს ინტეგრაცია, ისინი არ სწავლობდნენ ენას და, შესაბამისად, დაბალი ნიშნები ჰქონდათ, ზოგს კურსის გავლა თავიდანაც მოუწია.
არასამთავრობო სექტორში აცხადებენ, რომ უკრაინელი ბავშვებისთვის უნგრეთის სასწავლო პროგრამაში ჩართვა რთული აღმოჩნდა, რადგან უკრაინასა და უნგრეთში სასწავლო პროგრამა ძალიან განსხვავებულია. ბევრი უკრაინელი ლტოლვილი ბავშვი ტრავმირებულია და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
„ბავშვები, რომლებმაც დაბომბვა და სხვა უბედურება გადაიტანეს, ტრავმირებულები არიან. ამ ბავშვებს აშინებთ თვითმფრინავის ან ვერტმფრენის ხმა, აღარაფერს ვამბობ ძლიერი აფეთქების ხმაზე“, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „უკრაინული ტრადიციების სახლის“ დამფუძნებელმა ოლენა ბესკოროვაინამ.
ამ სტრესთან გამკლავებას ცდილობენ სკოლის ორი ფსიქოლოგი და ასევე უკრაინელი ლტოლვილი მასწავლებლები, რომელთაც ხელფასს უნგრეთის სახელმწიფო უხდის. ყველა დანარჩენ ხარჯს კი სკოლის მეპატრონე ფარავს შემოწირულებებიდან.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დათანხმდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, დაარსებულიყო ასეთი სკოლა. ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი დააფინანსებს იმდენ უკრაინულ სკოლას, რამდენიც საჭირო იქნება. სინამდვილეში კი ამ სკოლას მხოლოდ ნაწილობრივ აფინანსებს უნგრეთის სახელმწიფო, მაგრამ დამფუძნებლები არ უჩივიან. მათი თქმით, უნგრეთის დახმარება ჯერ კიდევ გადამწყვეტია, მოდელი უნიკალურია და მსგავსი სკოლები ყველგან იქნება საჭირო.
გაეროს შეფასებით, უნგრეთში 10 000 უკრაინელი ბავშვი ცხოვრობს და ოლენას თქმით, მათი სამი მეოთხედი უკრაინაში მიმდინარე გაკვეთილებს დისტანციურად ესწრება.