მთავარიგადაცემებიScenesთურქი პარალიმპიელი მოცურავე ქალი მსოფლიო ჩემპიონობაზე ოცნებობს

თურქი პარალიმპიელი მოცურავე ქალი მსოფლიო ჩემპიონობაზე ოცნებობს

სევილაი ოზთურქი ადრეული ასაკიდანვე შვებას ცურვაში პოულობდა. ახლა სევილაი 21 წლისაა და თავს არ ზოგავს, რათა მსოფლიო ჩემპიონი გახდეს.

„როდესაც აუზში პირველად ჩავედი, იმაზე ვფიქრობდი, თუ რამდენად დიდი იყო დახრჩობის საფრთხე,“ – ამბობს სევილაი ოზთურქი, 21 წლის თურქი პარალიმპიელი მოცურავე ქალი. „კიდევ კარგი, რომ ამ საქმეს ხელი მოვკიდე. მიხარია, რომ არ მივატოვე და სპორტის ამ სახეობით დავინტერესდი. წყალქვეშ სულ სხვა სამყარო მაქვს. თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ძალიან მახალისებს. მგონია, რომ პატარა თევზი ვარ, რადგან თევზს მკლავები არ აქვს. მე მკლავების გარეშე დავიბადე. ფეხებით ყველაფრის გაკეთება შემიძლია. საკუთარ თავს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ შევძლებდი იმის გაკეთებას, რასაც მოვისურვებდი.

მე ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენი ვიყავი 2016 წლის პარალიმპიურ თამაშებში. მაშინ მხოლოდ 13 წლის ვიყავი. 2020 წლის ტოკიოს პარალიმპიადაზე მესამე ადგილი ავიღე.
მსოფლიო სერიიდან 2024 წლის პარიზის თამაშებისთვისაც ვიყავი კვალიფიცირებული. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან პარიზში წასვლა ჩემი ოცნება იყო.

მეჰმეთ ალი ალბასი, მწვრთნელი: „პარიზის პარალიმპიური თამაშებისთვის რომ შეერჩიათ, ჩვენს სპორტსმენებს გარკვეული წარმატებისთვის უნდა მიეღწიათ სეზონის განმავლობაში ჩატარებულ საერთაშორისო შეჯიბრებებში. მან უკვე გადალახა პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობისთვის დათქმული ზღვარი.

სევილაი გამოდიოდა 2022 წელს პორტუგალიაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც მან ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა ზურგზე ცურვასა და ბათერფლაის სახეობებში 50-მეტრიან დისტანციაზე. სევილაი ამბიციური გოგონაა. იგი დგება დილის 5 საათზე, როდესაც სხვებს ჯერ კიდევ სძინავთ, ემზადება და აუზზე მოდის“.
„თუ გსურს, რამეს მიაღწიო, მისკენ ნაბიჯი უნდა გადადგა და იბრძოლო. თუ იქ დარჩები, სადაც ხარ, ვერაფერს მიაღწევ. მე კვირაში ექვსი დღე ვვარჯიშობ,“ – ამბობს სევილაი.

მეჰმეთ ალი ალბასი, მწვრთნელი: „ჩვენ გარკვეული ტექნიკა შევიმუშავეთ, რათა მისი შესაძლებლობები გაგვეუმჯობესებინა. ჩვენ წინასწარ ვადგენთ, თუ სად არის სუსტი წერტილი და ჯერ ხმელეთზე ვავარჯიშებთ, რათა აუზში უზადოდ შეასრულოს ნომერი და ყველანაირი ნაკლი გამოასწოროს“.

იუსუფ შიმშეკი, მწვრთნელი: „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ჩვეულებრივ სპორტსმენს შორის შესაძლოა დიდი სხვაობა იყოს. სევილაის მსგავს სპორტსმენს ბევრად მეტი შრომა სჭირდება, რომ ეს სხვაობა აღარ იყოს. ჩემი აზრით, სევილაის ორჯერ ძლიერი ფეხები უნდა ჰქონდეს და კუნთებიც ორჯერ უფრო მაგრად უნდა ამუშაოს. იმ მოძრაობებს, რომლებიც მკლავით სრულდება, სხვადასხვა გზით ვანაცვლებთ და ამას შესაბამისად ვგეგმავთ. ამისთვის ვიყენებთ ჰანტელებსა და სხვა მსგავს სპორტულ ინვენტარს“.

„მე მაქვს ნაკლი, მაგრამ მივხვდი, რომ ეს დაბრკოლება არ არის,“ – ასე ფიქრობს თავად სევილაი. „ყოველთვის ვეუბნები საკუთარ თავს: „შენ არავისზე ნაკლები არ ხარ. პირიქით, მეტიც ხარ, რადგან მეტი ძალისხმევა, გამძლეობა და თავდაჯერება გჭირდება, რათა სიცოცხლეს მოეჭიდო“. მე გულჩათხრობილი ბავშვი ვიყავი. ყოველთვის გავურბოდი ადამიანებს. როდესაც ვინმეს ვხედავდი, ვიმალებოდი. ასე რომ, დაბადებიდან პირველი ექვსი თუ შვიდი წელი მხოლოდ დედ-მამასთან გავატარე. მაგრამ მერე ცურვა დავიწყე და ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა. თავსაც კი ისე ვგრძნობდი, როგორც სხვები. ვფიქრობდი – სხვა თუ ადამიანია, მეც ვარ ადამიანი. 21 წლის ვარ და უკვე ოთხი წელია მარტო ვცხოვრობ გაზიანთეფში. შემიძლია საკუთარი თავის მოვლა, საყიდლებზე წასვლა მაღაზიაში, საკუთარი სადილის მომზადება. გარდა ამისა, კარიერაშიც მივაღწიე წარმატებებს და ამის გამო ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ. ჩემს თავს ვეუბნები: „დიახ, მე ეს შევძელი“.

მომავალში ჩემი მიზანია, რომ პარალიმპიადაზე სხვა ფერის მედალი მივიღო“
მეჰმეთ ალი ალბასი, მწვრთნელი: „ჩვენ ვერცხლი და ოქრო გვინდა. მწვრთნელს არაფერი ეამაყება იმაზე მეტად, ვიდრე მისი აღზრდილი სპორტსმენის წარმატება. ეს გოგო მისაბაძი მაგალითი და ნამდვილი სპორტსმენია. ჩემი აზრით, მას ჯერ არ უჩვენებია ბოლომდე საკუთარი შესაძლებლობები და ამისთვის კიდევ მრავალი წელი აქვს წინ. სევილაი კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს“.

„ყველა ადამიანს უნდა სჯეროდეს საკუთარი თავის. მე ყოველთვის მჯეროდა საკუთარი თავის და დარწმუნებული ვიყავი, რომ წარმატებას მივაღწევდი. ამ ცხოვრებაში მხოლოდ წინ უნდა იარო და მხოლოდ წარმატებული უნდა იყო“, – ამბობს სევილაი.

ავტორები: შარიფა ფადილა ალშაჰაბი და მოჰამედ ბაშირ ალდაჰერი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend