იტალიაში ძლიერი წვიმისთვის ემზადებიან. ქარიშხალი „ბორისი“, რომელმაც ცენტრალურ ევროპას გადაუარა, ახლა სამხრეთისკენ მიემართება. ბოლო ინფორმაციით, პოლონეთში, ჩეხეთში, ავსტრიასა და რუმინეთში წყალდიდობას 21 მოქალაქე ემსხვერპლა. ჩეხეთში წყალდიდობის საფრთხე თანდათან მცირდება, სამხრეთი ბოჰემია კი ჯერ კიდევ რისკის ქვეშაა. თუმცა, იმ ადგილების რაოდენობა, სადაც შესაძლოა, წყალდიდობა იყოს, 200-იდან 130-ამდე შემცირდა.
ქარიშხალმა პოლონეთიც დააზარალა. საგანგებო სამსახურებმა ადგილობრივებთან ერთად ზოგიერთ ადგილას მდინარეებთან ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩაატარეს. ისინი ასევე ევაკუირებულ მოქალაქეებს წყლითა და საკვებით უზრუნველყოფდნენ.
გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, რა მასშტაბის ზიანი მიაყენა წყალდიდობამ მდინარე დუნაის გასწვრივ მდებარე ავსტრიულ სოფლებს. ზოგიერთ ადგილას სოფლები მთლიანად წყლით არის დაფარული. უამრავი მოქალაქე იძულებული გახდა, თავიანთი სახლები დაეტოვებინათ.
უნგრეთშიც შესაძლოა, მდინარე დუნაი კალაპოტიდან გადმოვიდეს.
უნგრეთის დედაქალაქში მთავრობაც და მოქალაქეებიც მობილიზებული არიან. ბუდაპეშტის მერის თქმით, ქვეყანაში ბოლო 10 წელიწადში ყველაზე ძლიერ წყალდიდობას ელიან. ექსპერტები ფიქრობენ, რომ მდინარე დუნაიზე წყლის დონე 8.5 მეტრს მიაღწევს, თუმცა წყლის მართვის ადგილობრივ ორგანოში აცხადებენ, რომ წყლის დონე, 2013 წელთან შედარებით, 30-50 სანტიმეტრით დაბალი იქნება. წყალდიდობა, სავარაუდოდ, უნგრეთის მდინარეების გასწვრივ 540 კილომეტრ ფართობს დააზარალებს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გასცა ბრძანება, მდინარე ლაითის გასწვრივ გაეხსნათ სპეციალური წყალსაცავი, რომელიც ზედმეტ წყალს შეაკავებს. პრევენციული ზომები, რომელთა შორის საგზაო მოძრაობის შეზღუდვაცაა, დუნაის გასწვრივ რამდენიმე დასახლებაში დაწესდა. ასევე შეფერხდება საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლა უნგრეთს, ჩეხეთს, პოლონეთსა და გერმანიას შორის. როგორც წესი, დუნაიზე წყლის დაწევას 5-8 დღე სჭირდება, თუმცა, როგორც ვარაუდობენ, ეს პროცესი ამჯერად, შესაძლოა, უფრო დიდხანსაც გაგრძელდეს.