მთავარისაქართველო„კანონდება ძალადობა და ცენზურა” - სამოქალაქო საზოგადოება კიდევ ერთ სადავო კანონს აკრიტიკებს

„კანონდება ძალადობა და ცენზურა” – სამოქალაქო საზოგადოება კიდევ ერთ სადავო კანონს აკრიტიკებს

17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. 84 ხმა ნულის წინააღმდეგ – ასეთია კენჭისყრის შედეგები. პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთი სადავო კანონის მიღებამ ხმაურის გარეშე ჩაიარა – საპარლამენტო ოპოზიცია დარბაზში არ იყო, მათი დიდი ნაწილი ე. წ. აგენტების კანონის მიღების შემდეგ ბოიკოტშია.

მმართველი გუნდი საკანონმდებლო ცვლილებას ე.წ. ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის თაობაზე ამგვარად ხსნის:

„ეს არის მიმართულება, რომელსაც ორ-სამ თაობაში შეიძლება ისეთი მავნე შედეგები მოჰყვეს, თუნდაც, დემოგრაფიული თვალსაზრისით, რაც საუკუნეების განმავლობაში ვერცერთმა დამპყრობელმა ვერ მოახერხა. ქართველები ისევ ვართ: ქართულად ვლაპარაკობთ, ფიზიკურად ვარსებობთ, ჩვენი ქვეყანა გვაქვს. ორ-სამ თაობაში ეს ყველაფერი შეიძლება ამოკვეთონ. ლგბტ პროპაგანდა ამის იარაღია. ჩვენ არავის არაფერს ვერჩით. მათ უფლებებს ზედმიწევნით ვიცავთ, მაგრამ ლგბტ პროპაგანდასა და ერთსქესიანთა ქორწინებას ამ ქვეყანაში ვერ დავუშვებთ“, – ამბობს მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი.

მიღების შემდეგ კანონპროექტს პოლიტიკურ წრეებში დიდი განხილვა არ მოჰყოლია, თუმცა კანონს მკაცრად აკრიტიკებენ სამოქალაქო საზოგადოებაში. უფლებადამცველები ამბობენ, რომ „ქართული ოცნების” მიზანი წინასაარჩევნოდ საზოგადოებით მანიპულირება, რეალური პრობლემების გადაფარვა და ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი ბარიერის შექმნაა.

„ეს არის კლასიკური რუსული პროპაგანდისტული შაბლონი, როცა ხელისუფლება იგონებს არარსებულ პრობლემას და დებს პირობას, რომ მას გადაჭრის. სინამდვილეში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა პრობლემები არსებობს. ასეთი პრობლემებია სიღარიბე, უმუშევრობა, განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა და უამრავი სოციალური პრობლემა, რომელიც, მათ შორის, არასრულწლოვანებისთვის არახელსაყრელ გარემოს ქმნის. ეს კანონი, ერთი მხრივ, ლგბტ თემს, ქვეყანაში ისედაც ყველაზე მარგინალიზებულ ჯგუფს, კიდევ უფრო დაუცველ მდგომარეობაში აყენებს. ამასთან, აზიანებს ყველა მოქალაქის უფლებრივ მდგომარეობას“, – ამბობს ეკა ჭითანავა, „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” დირექტორი.

სამოქალაქო საზოგადოებაში ამბობენ იმასაც, რომ ეს კანონიც რუსულის ანალოგია. იგი უხეშად იჭრება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში, აკანონებს ზუსტად ისეთივე ცენზურას, როგორიც რუსეთში მოქმედებს.

„რისკენაც რუსეთი ათი წლის განმავლობაში მიდიოდა, „ქართულმა ოცნებამ“ პირდაპირ შემოგვთავაზა. რუსეთის ამისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა. „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთში დღეს მოქმედი ვერსია მოგვიტანა და პარლამენტარებმა ეს კანონი მიიღეს. პირდაპირ ვიტყვი, ეს უბრალოდ სამარცხვინოა“, – ამბობს ხატია ღოღობერიძე, საქართველოს ჟურნალისტური ქარტიის საბჭოს წევრი.

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი დამატებით 18 კანონში ცვლილებას ითვალისწინებს. მათ შორის, კრძალავს ე. წ. ლგბტ პროპაგანდას საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამასთან, კრძალავს ლგბტ ადამიანების ინტიმური ურთიერთობების ამსახველი სცენების ეთერში გაშვებას. დაუშვებლად აქცევს, „საჯარო შეკრებას ან მანიფესტაციას, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.

კანონპროექტი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ანტიდემოკრატიულსა და დისკრიმინაციულს უწოდებს, 13 მუხლისგან შედგება. იგი ქორწინებას, შვილად აყვანას, სამედიცინო მანიპულაციებს, ინფორმაციის გავრცელებას, შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარებას და კიდევ ბევრ საკითხს ეხება. 17 მაისს კი, ჰომო/ბი და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს „ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის“ დღედ აწესებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend