ისრაელ-„ჰამასის” ომის დაწყებიდან 11 თვის შემდეგ პალესტინელები ხან-იუნისში, იორდანიის საველე ჰოსპიტალში, პროთეზებს მიიღებენ. ამ გადაწყვეტილებას იორდანიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმედისმომცემი ინიციატივა უწოდეს.
იორდანიის შეიარაღებულმა ძალებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ მათ გაგზავნეს ორი მობილური კლინიკა ღაზის სექტორში, რათა პროთეზები მიეწოდებინათ მათთვის, ვისაც ისრაელ-„ჰამასის” ომის შედეგად კიდურები აქვთ ამპუტირებული.
გამოცდილი იორდანიელი ექიმი აბდულა ალ-ჰემაიდა პროთეზის მორგებაში ეხმარება 30 წლის მამაკაცს რეზკ ტაფეშს, რომელიც 21 ივნისს ისრაელელმა სამხედროებმა რაფაჰში მიმდინარე ოპერაციის დროს დაჭრეს.
იორდანიის ინიციატივით, დაახლოებით 14 000 ადამიანს შესთავაზებენ ქვედა და ზედა კიდურების პროთეზებს.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში 41 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა მას შემდეგ, რაც „ჰამასი” 7 ოქტომბერს თავს დაესხა ისრაელს. თითქმის ერთწლიანმა ომმა მასშტაბური ნგრევა და ღაზის 2 მილიონ 300 ათასი მოსახლიდან დაახლოებით 90% -ის იძულებით გადაადგილება გამოიწვია.