მთავარისაქართველოცხოვრება ჯარის შემდეგ

ცხოვრება ჯარის შემდეგ

დათო ქიმაძე მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ყოფილი სამხედროა, ახლა მის ბრიგადას მეოთხე ქვეითი ბრიგადა ეწოდება. დათო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეა. მას დღესაც ამაყად აქვს შენახული საკუთარი ქვედანაყოფის დროშა. ეამაყება ის დრო, როდესაც ფორმა ეცვა, თუმცა სამხედრო სამსახურის შემდეგ უამრავ პრობლემას გადააწყდა 40 წლის ყოფილი სამხედრო. ყოფილი სამხედრო, რომელსაც სამოქალაქო პროფესია არ აქვს, ძალიან უძნელდება სამსახურის პოვნა და იძულებული ხდება საზღვარგარეთ წავიდეს…

„ზოგი მშენებლობაზეა, ზოგი ტაქსაობს… დიდი ტკივილის მომგვრელია ეს ყველაფერი… ჩვენნაირი ბიჭები ქვეყნიდან არ უნდა გავრბოდეთ… ჩვენნაირ ბიჭებს პატივისცემა სჭირდებათ, რათა ქვეყანა დაიცვან, სანამ პირში სული ედგმებათ…“ – ემოციურად საუბრობს ყოფილი ჯარისკაცი დათო ქიმაძე.

ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების პოვნა უცხოეთში ძალიან იოლია. ბევრი მათგანი უკრაინაშია წასული და რუსულ აგრესიას უპირისპირდება, სხვა მრავალი კი აშშ-ში, ერაყში, აფრიკის კონტინენტსა და ევროპის ქვეყნებში სამსახურის საძებნად წავიდა. სამშობლოდან გადახვეწილი ყოფილი სამხედროები საუბრობენ, რომ ჯარში შესწავლილი ტოპოგრაფია, საინჟინრო საქმე, საცეცხლე და ტაქტიკური მომზადება სამოქალაქო ცხოვრებაში სრულიად გამოუსადეგარია. „კონტრაქტის შემდეგ ჩვენ ყველას ვავიწყდებით”, – ამბობენ ყოფილი სამხედროები…

„სამხედრო წესრიგს, დისციპლინას შეჩვეული ადამიანი ძნელად ეგუება სამოქალაქო ცხოვრებას… ზოგი „გრინ ქარდით“ ჩამოვიდა (აშშ-ში), ზოგს გრძელვადიანი ვიზა ჰქონდა, არიან მექსიკიდან გადმოსულები… მაგალითად, აქ არის გვარდიის ყოფილი სარდალი, გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი, სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების ხელმძღვანელი პირები…“ – აცხადებს აშშ-ში მყოფი თადარიგის პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე.

სამხედრო კონტრაქტის გაფორმება საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან შეუძლია. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რიგითის საწყისი ხელფასი 1530 ლარს შეადგენს. პირველი 4-წლიანი კონტრაქტის დასრულების შემდეგ თავდაცვის სამინისტრო 8 000-ლარიან დანამატს აძლევს სამხედროს, ხოლო თუ სამხედრო მოსამსახურე გააგრძელებს პირველ კონტრაქტს ორი წლით, დამატებით 6000 ლარს მიიღებს ბოლოს. ყოფილი სამხედროები საუბრობენ, რომ ამ თანხის გაცემის შემდეგ უწყებიდან აღარავინ უკავშირდებათ და ამით წყდება მათსა და თავდაცვის უწყებას შორის ყველანაირი კავშირი…

თუმცა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია, რომ 2023 წლიდან უწყებამ „სამხედრო მოსამსახურეთა კარიერის ტრანზიციის“ პროექტი დაიწყო. მისი მიზანი სწორედ ისაა, რომ დაეხმაროს სამხედრო მოსამსახურეს კარიერის დასრულების შემდეგ საკუთარი თავი იპოვოს სამოქალაქო ცხოვრებაში. ამისთვის როგორც უწყება 2023 წლის 31 მაისს აცხადებდა, სამხედროებისთვის პროფესიული განათლების მიცემასაც აპირებდნენ. სამხედრო ყაზარმებში ცხოვრება გრძელდება. ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების ტკივილი კი ისაა, რომ ჰქონდეთ საშუალება, იცხოვრონ ღირსეულად და ქვეყნის წინაშე ვალდებულების მოხდის შემდეგ ახალი ცხოვრება იმაზე ფიქრის გარეშე დაიწყონ, თუ როგორ შეინახონ საკუთარი თავი თუ ოჯახები.

გიორგი თუხარელი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend