მთავარისაქართველოაღასრულებენ თუ არა საქართველოს ბანკები აშშ-ის სანქციებს

აღასრულებენ თუ არა საქართველოს ბანკები აშშ-ის სანქციებს

სულ ახლახან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ხაზინამ საქართველოს ცალკეულ მოქალაქეებს სანქციები დაუწესა ადამიანის უფლებათა დარღვევისა და ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო. ე.წ. მაგნიტსკის აქტის ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა სახელმწიფომ 4 მოქალაქე, სხვადასხვა კრიტერიუმით კი საერთო ჯამში 60-მდე ქართველი და მათი ოჯახის წევრები ფინანსური და სავიზო შეზღუდვებით დაასანქცირა.

ფინანსური სანქციის ფარგლებში შეზღუდვების ამოქმედებას განცხადებით გამოეხმაურა ეროვნული ბანკი. უწყების ცნობთ, საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება მაშინ, „თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი“.

ფინანსისტები და ეკონომისტები ეროვნული ბანკის განცხადებაში ორაზროვნებას ხედავენ. ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი აცხადებს, რომ ეს არის საერთაშორისო სანქცია და თუ მას ქართული საბანკო სისტემა არ აღასრულებს, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ეს შეიძლება ჩაითვალოს ეროვნული ბანკის მხრიდან, კერძო ფინანსური ინსტიტუტების გამოყენებით, საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდებად ირიბად ან პირდაპირ. ასეთი პრეცედენტი კი ქართულ საბანკო სისტემას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.

„უცნაური, ჩიხური სიტუაცია გვაქვს. ქართული საფინანსო სექტორი, კომერციული ბანკები გარკვეულწილად დილემის წინაშე დგანან. თუ კონკრეტული ქართული ბანკი, რომელიც არის პარტნიორი საერთაშორისო ფინანსური სექტორის, არ აღასრულებს სანქციების პირობებს, რაზეც აქვს ნაკისრი ვალდებულება, მაშინ ამ ბანკთან კარგ შემთხვევაში შესაძლოა შეჩერდეს, ან საერთოდ შეწყდეს თანამშრომლობა. იმისთვის, რომ ადგილობრივი საფინანსო ინსტიტუტები შესაბამისობაში მოვიდნენ საერთაშორისო საბანკო სისტემასთან, მათ უნდა აღასრულონ ნაკისრი ვალდებულება და შეწყვიტონ ყოველგვარი თანამშრომლობა დასანქცირებულ პირებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაზე ცუდი სცენარი რომ წარმოვიდგინოთ, მათი საერთაშორისო რეპუტაცია სერიოზულად დაზიანდება. ამით წარმოიშობა ბიზნეს-ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც არა მხოლოდ ამ ბანკებზე აისახება ნეგატიურად, არამედ მათ მომხმარებლებზე, როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებზე“, – აცხადებს ეკონომისტი.

ეს საკითხი აქტუალურია პოლიტიკურ ველზეც. სანქციების ახალი ტალღის გამო „ქართული ოცნების“ დეპუტატები შეერთებულ შტატებს, არჩევნებში ჩარევაში სდებს ბრალს.

„სახელობითად გაჟღერდა კონკრეტული სამართალდამცავების სახელები და გვარები. გვახსოვს, წინა შემთხვევაში თვითონ თქვეს, ჩვენი კანონმდებლობა არ გვაძლევს საშუალებას, რომ დავასახელოთ ადამიანებიო და ახლა წინასაარჩევნო პერიოდში მათმა კანონმდებლობამ, როგორ დავიჯერო, რომ მისცა შესაძლებლობა, დაესახელებინათ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებზეც სანქციები გავრცელდება?! ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენი ქვეყნის, ღირსეული ქვეყნის ღირსეულმა პრემიერ-მინისტრმა გამოხატა თავისი პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრაზე. გაჟღერდა, რომ ჩვენთვის მიუღებელია ქმედებები, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით, უკავშირდება დასანქცირებებს და ეს არის მიახლოება წითელ ზღვართანაც კი და თუ ეს წითელი ზღვარი გადაილახება, მაშინ უკვე ჩვენი ქვეყანაც იფიქრებს ურთიერთობების სისტემურ გადახედვაზე“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი აცხადებენ, რომ მმართველი პარტია საერთაშორისო პარტნიორებთან ქვეყნის ურთიერთობას აზიანებს.

„საქართველოს ბანკები ჩართულია საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციებში და ეს არის ციკლი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის და ბიძინა ივანიშვილის რუსული დავალება ნათია თურნავას მიმართ, რომლის ოჯახის წევრი, სხვათა შორის, არის „ქართული ოცნების“ სიაში, ზუსტად იმის მაჩვენებელია, რომ ბიძინა ივანიშვილი მზად არის იმ შემთხვევაში, თუ ეს სანქციები არ აღსრულდება, მაშინ საქართველოს მოქალაქეები დააყენოს რისკის ქვეშ საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის ჩამოშლის კუთხით.

საქართველოს ეროვნული ბანკი ამბობს, რომ მურუსიძის გადაწყვეტილების გარეშე სანქციები ვერ აღსრულდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ათასობით, ასი ათასობით საქართველოს მოქალაქეს შეექმნება პრობლემა გადმორიცხვებზე, გზავნილებზე საქართველოში, ასევე ეს ნიშნავს იმას, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ „თიბისი ბანკსა“ და „საქართველოს ბანკს“ ძალიან სერიოზული პრობლემა შეექმნება და ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის რუსული დავალებები, რომლებსაც ასრულებს თურნავა და რომლებიც დაფასებულია „ქართული ოცნების“ რუსული გავლენის მიერ მისი ოჯახის სიაში ყოფნით, ნიშნავს იმას, რომ მთელი ეკონომიკური სექტორი არის ძალიან სერიოზული რისკის ქვეშ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ე.წ. გლობალური მაგნიტსკის აქტი 2012 წელს, ორპარტიული მხარდაჭერით აშშ-ში მიიღეს. ამ აქტის ფარგლებში სავიზო და ფინანსური სანქციები მთელ მსოფლიოში გავრცელდება იმ უცხო სახელმწიფო მოხელეებზე, რომლებიც ადამიანის უფლებების დამრღვევები არიან.

ამ აქტის მიღებას საფუძვლად უდევს 2009 წელს რუსი ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის, გარდაცვალება მოსკოვის ციხეში მას შემდეგ, რაც მან მასშტაბური თაღლითობის საქმე გამოააშკარავა. კერძოდ, მაგნიტსკიმ 230 მილიონი დოლარის თაღლითობით დაუფლებაში ამხილა რუსი საგადასახადო სისტემის ჩინოვნიკები. მაგნიტსკი რუსმა ოფიციალურმა პირებმა თაღლითობის ჩადენაში თავად დაადანაშაულეს და დააკავეს. ციხეში ყოფნისას მას აწამებდნენ, არ უწევდნენ სამედიცინო დახმარებას, რის გამოც ის გარდაიცვალა.

სწორედ ამ ფაქტს დაედო საფუძვლად ამერიკის მთავრობის მიერ საერთაშორისო სანქციების ამოქმედების აქტის მიღება, რასაც სიმბოლურად „მაგნიტსკის აქტი “ეწოდა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend