რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტის სხდომაზე ევროკომისრობის კანდიდატები და მათი პორტფოლიოები წარადგინა.
დამტკიცების შემთხვევაში შემდეგი ექვსი აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი გაუძღვება კომისიის მუშაობას:
ტერეზა რიბერა (ესპანეთი), აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ეკოლოგიური ტრანზიციისთვის – იგი იმ პოლიტიკოსთა შორისაა, რომელიც ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს. იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში მუშაობდა კლიმატის ცვლილების საკითხებზე, მათ შორის, მომლაპარაკებლის პოზიციაზე გაეროში.
ჰენნა ვირკკუნენი (ფინეთი), აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ტექნოლოგიური უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებში – სამგზის ევროპარლამენტარი და ფინეთის ყოფილი განათლების მინისტრი. ფინეთი იყო ერთ-ერთი იმ სულ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომელმაც მისი სახით ქალი ევროკომისარი წარადგინა.
სტეფან სეჟურნე (საფრანგეთი), აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი კეთილდღეობისა და სამრეწველო სტრატეგიის საკითხებში – სეჟურნე წლების განმავლობაში მუშაობდა საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს მრჩევლად და მას შემდეგ არაერთი საკვანძო პოზიცია ეკავა. იგი ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, აირჩიეს ევროპარლამენტის წევრად 2019 წელს, შემდეგ კი გახდა ევროპარლამენტის მესამე ყველაზე დიდი ჯგუფის „განაახლე ევროპა“ ლიდერი.
კაია კალასი (ესტონეთი), საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი – იგი ამ პოზიციაზე ჯოზეპ ბორელს ანაცვლებს. 2022 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, კაია კალასი იყო უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი. იგი მხარს უჭერს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას, ისევე როგორც ევროკავშირის თავდაცვითი უნარების გაძლიერებას.
როქსანა მინზატუ (რუმინეთი), აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ხალხის, უნარებისა და მზადყოფნის საკითხებში – 2016 წლიდან ის რუმინეთის პარლამენტის წევრია. მანამდე იგი იყო სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ხოლო ივნისიდან მოყოლებული იგი ევროპარლამენტში რეგიონული განვითარების კომიტეტის წევრი. მისი კანდიდატურა რუმინეთმა ბოლო წუთს წამოაყენა მას შემდეგ რაც ურსულა ფონ დერ ლაინმა გენდერული ბალანსის დაცვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
რაფაელე ფიტო (იტალია), აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ერთობისა და რეფორმების საკითხებში – მიუხედავად იმისა, რომ ევროპელი სოციალისტები ურსულა ფონ დერ ლაიენს აფრთხილებდნენ, რომ არ მიეცა აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ჯორჯა მელონის მიერ შერჩეული ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა იგი წარადგინა.
ფიტო ჯორჯა მელონის პარტიას „იტალიის ძმები“ 2018 წელს შეუერთდა.
გარდა ამისა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისრებად წარადგინა:
მარტა კოსი (სლოვენია), კომისარი გაფართოების საკითხებში – სლოვენიასაც მოუწია მამაკაცი კანდიდატის ქალით შეცვლა და შეიძლება ითქვას, რომ დაჯილდოვდა გაფართოების პორტფელის მიღებით. მარტა კოსი ყოფილი ჟურნალისტია და ყოფილი ელჩი გერმანიასა და შვეიცარიაში. მან ასევე დააფუძნა ქალთა პროფესიული ქსელი.
ანდრიუს კუბილიუსი (ლიეტუვა), კომისარი თავდაცვის საკითხებში – ლიეტუვის კრიზისის მენეჯერი და უკრაინის მტკიცე მხარდამჭერი. 1988 წელს იგი შეურთდა საბჭოთა ლიეტუვის პირველ ოპოზიციურ პარტიას რეფორმების მოძრაობას, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას ისახავდა მიზნად. იგი ხუთ წელზე მეტი იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და სახელმწიფოს უძღვებოდა 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს.
ურსულა ფონ დერ ლაიენის 2024-2029 წლების კომისიას წინასგან განსხვავებული სტრუქტურა აქვს. კოლეგია სამის ნაცვლად ორ შრედ არის დაყოფილი: აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტები და კომისრები. გაუქმებულია ვიცე-პრეზიდენტების დამატებითი მესამე ფენა.
„ხელშეკრულებაში ძალიან მკაფიოდაა აღნიშნული, რომ კოლეგიის თითოეული წევრი თანასწორია და თითოეულ კომისარს თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრება ჩვენი პრიორიტეტების შესრულებაზე. ეს ნიშნავს, რომ ყველა კომისარმა ერთად უნდა იმუშაოს. ამის გათვალისწინებით, თითოეულ აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს ექნება პორტფელი, რომელზეც იქნება ფოკუსირებული, რისთვისაც მათ მოუწევთ თანამშრომლობა სხვა კომისრებთან. რაც გავლენას ახდენს უსაფრთხოებაზე, ასევე მოქმედებს ეკონომიკაზე. ის, რაც გავლენას ახდენს კლიმატსა და გარემოზე, იმოქმედებს ადამიანებზე და პირიქით. სწორედ ამიტომ, ამ ჯერზე არ გვეყოლება ვიცე-პრეზიდენტების დამატებითი შრე. ჩვენ გვაქვს უფრო დახვეწილი სტრუქტურა, უფრო ინტერაქციული და ურთიერთდაკავშირებული სტრუქტურა”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
სლოვენიას და რუმინეთს მოუწიათ თავდაპირველად წარდგენილი კანდიდატების უკან გაწვევა, გენდერული ბალანსის მისაღწევად ურსულა ფონ დერ ლაიენის კოორდინირებული ძალისხმევის გამო.
ორშაბათს ტიერი ბრეტონმა მოულოდნელად განაცხადა, რომ ტოვებდა ევროკომისრის პოზიციას, მან მიზეზად ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით უკმაყოფილება დაასახელა.
ევროკომისიის პრეზიდენტი რამდენიმე კვირის განმავლობაში ცდილობდა, რომ 2024-2029 წლის მოწვევის ევროკომისრებს შორის მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული გეოგრაფიული ბალანსი და ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გენდერული ბალანსის შენარჩუნებასაც.
„როგორც ხედავთ, კოლეგიის კანდიდატებს შორის ჩვენ 11 ქალი გვყავს, რომელთაც დღეს წარვადგენ. ანუ კანდიდატების 40%. როდესაც თავდაპირველი ნომინაციები მივიღე და მთლიან სურათს გადავხედე, კანდიდატებს შორის ქალი კომისრებს წილი 22% იყო, ხოლო მამაკაცების – 78. ეს სრულიად მიუღებელია. ამიტომ, მე ინტენსიურად ვიმუშავე წევრ ქვეყნებთან ბალანსის გასაუმჯობესებლად. ჩანს, რომ მიუხედავად მიღწევებისა, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო“, – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.
ყველა კანდიდატი ევროპარლამენტის კომიტეტების წინაშე მოსმენებზე უნდა გამოცხადდეს მანამ, სანამ ევროპარლამენტის სრული შემადგენლობა კენჭს უყრის დაამტკიცოს თუ არა კომისიის ახალი შემადგენლობა.
შესაძლებელია, რომ ყველა კანდიდატმა ვერ შეძლოს პოზიციის შენარჩუნება ჩანიშნული მოსმენების შემდეგ, თუმცა ისინი, ვინც მიიღებენ ევროპარლამენტარების მხარდაჭერას მომდევნო 5 წლის განმავლობაში გაუძღვებიან კომისიის საქმიანობას სხვადასხვა საკვანძო საკითხში, მათ შორის გაფართოებისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხებში.