მთავარისაქართველოშეუსრულებელი ვალდებულება - რატომ ვერ ვახარისხებთ ნაგავს

შეუსრულებელი ვალდებულება – რატომ ვერ ვახარისხებთ ნაგავს

სეპარირებული შეგროვებისთვის განკუთვნილი ურნებიდან, რომლებიც რუსთაველის გამზირზე დგას, სხვადასხვა ტიპის ნარჩენი საბოლოოდ, მართლაც, ერთად ერთ კონტეინერში ხვდება. ნაგვის გატანის პროცესი ევრონიუსის ვიდეოკამერამ გადაიღო.

ასოცირების შეთანხმებით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულება, ნარჩენების დახარისხება, იგივე სეპარირებული შეგროვების დანერგვა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე წლის წინ უნდა დაწყებულიყო, ამ დრომდე შეუსრულებელ მისიად რჩება.

როგორც კახა რუხაია, გარემოსდაცვითი დამოუკიდებელი კონსულტანტი ამბობს: „დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს არც ერთ მუნიციპალიტეტში არ არის გამართული ნარჩენების დახარისხებისა და მისი გადამამუშავებელზე გადაცემის დალაგებული სქემა. არის რაღაც ინიციატივები თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ლაგოდეხში, თუმცა ეს არ არის მუნიციპალიტეტების დონეზე სისტემური ხასიათის ინიციატივები. ადრე თუ უფრო მონდომებული იყო მოსახლეობა, კარგა ხანია არ შემინიშნავს, რომ სეპარაციის განყოფილებიან ურნებში ცალკ-ცალკე ყოფილიყო ყველაფერი. მოსახლეობა ამას დღეს იყენებს ჩვეულებრივი ნაგვის განსათავსებლად, რადგან იციან, რომ ეს ნარჩენები მაინც წავა ნაგავსაყრელზე“.

ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველომ 2015 წელს ნარჩენების მართვის კოდექსი მიიღო. ამავე საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილი იყო ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. დოკუმენტების მიხედვით, ნარჩენების სეპარირებული შეგროვების დაწყება საქართველოში ჯერ კიდევ 5 წლის წინ, 2019 წლის თებერვლიდან, იგეგმებოდა. ამ მიზნით მუნიციპალიტეტებს დახარისხების სისტემების შემუშავება და დანერგვა ევალებოდათ.

 „რა თქმა უნდა, სეპარირების ნაწილში გვაქვს ჩვენ გამოწვევები… ინფრასტრუქტურის პრობლემები აქვთ მუნიციპალიტეტებს, ფაქტობრივად ყველას. იმიტომ, რომ ამას სჭირდება მთელი ლოჯისტიკა, სჭირდება ტრანსპორტირება, შესაბამისი ურნების განთავსება, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაც მათ შორის. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ რაღაც პროგრესი არა გვაქვს. არის ზოგიერთი მუნიციპალიტეტი, მაგალითად, რუსთავი, ზუგდიდი, თბილისი, სხვაგან არის ფრაგმენტულად, მაგრამ კომპლექსურად რომ ვთქვათ, ხდება სეპარირება ყველა მუნიციპალიტეტში, ამას ვერ ვიტყვით. ამ მიმართულებით იდგმება ნაბიჯები, რომ ეს დავიწყოთ.

მეორე მიმართულებით, რაც ეხება სეპარირებას, ეს არ უნდა გამოგვრჩეს, ჩვენ „მგვ ორგანიზაციების” დაფუძნებით ფაქტობრივად ქვეყანაში დავიწყეთ სეპარირება – ეს არის საბურავების, აკუმულატორების, ბატარეების, ელექტრონარჩენების, ზეთების შეგროვება და ამის უამრავი მაგალითია. ეს სეპარირებაა იგივე, აბა სხვა რა არის? ეს ყველაზე სახიფათო ნარჩენებია, რომლებიც მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე ხვდებოდა. 6000 ტონამდე საბურავია ამოღებული 2023 წელს”, – ამბობს სოლომონ პავლიაშვილი, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე.

საქართველოში ამ დროისთვის ფუნქციონირებს სამი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მქონე ორგანიზაცია, რომლებიც ნარჩენ ზეთებს, საბურავებს, ბატარეებსა და აკუმულატორებს, ასევე ხმარებიდან გამოსულ ელექტრომოწყობილობებს აგროვებენ და გადამამუშავებელს აწვდიან. ახალი რეგულაციები დღეს ოთხი ტიპის ნარჩენზე ვრცელდება. ეს რეგულაციები მწარმოებლებსა და იმპორტიორებს, მათ, ვისაც ამ სახეობებიდან რომელიმე: საბურავები, ელექტრომოწყობილობები, ზეთები, აკუმულატორები ან ბატარეები შემოაქვს, ავალდებულებს, რომ საკუთარ ნარჩენებს თავადვე მიხედოს.

„ამ ნარჩენებს სპეციფიკური იმიტომ ჰქვია, რომ შეიცავს სახიფათო კომპონენტებს. არ შეიძლება, რომ როგორც ჩვეულებრივ ნარჩენებს ვეპყრობით, ისე მოვეპყროთ, დავმარხოთ, ნაგავსაყრელზე შევიტანოთ. სწორედ ამიტომ დაავალდებულა კანონმა ბიზნესი, რომ ამას მოეპყროს, ისე როგორც საჭიროა. ჩვენი მიზანი და ამოცანაც ეგ არის, რომ შევაგროვოთ და თუ შესაძლებელია საქართველოში გადავამუშაოთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ არის ხოლმე შესაძლებელი და ამიტომ გვიწევს, რომ ექსპორტზე გავიტანოთ და გადავამუშაოთ იმ ქვეყნებში, სადაც ამის პრაქტიკა არსებობს და საწარმოებიც არსებობს გადამამუშავებელი“, – ამბობს გიორგი გულიაშვილი, საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის თავმჯდომარე.

შარშან სამივე „მგვ ორგანიზაციამ” ჯამში 13 ათას ტონამდე ნარჩენი შეაგროვა, წლევანდელი გეგმა 20 ათასია. ასოციაციის თავმჯდომარე სეპარირებული შეგროვების პროცესში მუნიციპალიტეტების როლზე საუბრობს.

„საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემგროვებლები არიან მუნიციპალიტეტები, ეს მათი პასუხისმგებლობაა და თუ ისინი არ დაიწყებენ ამ პროცესს, კერძო ბიზნესს უჭირს, იმიტომ, რომ ძალიან დიდ ხარჯებთან არის ეს დაკავშირებული. სპეცტექნიკაა საჭირო, ადგილებია საჭირო, სადაც ამას დაასაწყობებენ, პირველადად დაამუშავებენ, ამიტომ საჭიროა, რომ გადაიდგას ნაბიჯები. რამდენიმე მუნიციპალიტეტებში მიდის საპილოტე პროექტები, ზოგან, მაგალითად, ზუგდიდში დაიწყეს მუყაოს შეგროვება. სხვა ტიპის ნარჩენებზეც კარგი იქნება, თუ დაიწყებენ ამ პროცესს და ჩვენ, კერძო ბიზნესი მზად ვართ, რომ დავეხმაროთ მათ, რომ უკვე შეგროვებული ნედლეულის (რომელიც უკვე ნედლეულია გადამამუშავებელი საწარმოებისთვის) ყიდვა და გარკვეული ხარჯების დაფარვა მოხდეს“, – ამბობს გიორგი გულიაშვილი.

დღეს საქართველოში რამდენიმე სახეობის ნარჩენის გადამამუშავებელი საწარმო ფუნქციონირებს, თუმცა ეს ზღვაში წვეთია. დედაქალაქსა და რეგიონებში ჯერ კიდევ უამრავი ადგილის ნახვაა შესაძლებელი, სადაც დიდი რაოდენობით გადამუშავებადი საყოფაცხოვრებო ნარჩენი სტიქიურ ნაგავსაყრელებზე, ხევებსა და მდინარეებშია ჩაყრილი.

„უკვე იმ ნიშნულს მიაღწია დაბინძურების დონემ, რომ ძალიან საშიში აღმოჩნდა ეს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის. ყოველწლიურად 800 სახეობის ცხოველის გადაშენება ხდება მარტო ამ მიზეზით. არის სხვა მიზეზებიც. დღესდღეობით გარემოში ყოველწლიურად 400 მილიონი ტონა ნახშირორჟანგი გამოიყოფა. ეს ქმნის შემდეგ გლობალური დათბობის პრობლემას, რაც არ უნდა დაარქვათ, კლიმატის ცვლილება თუ გლობალური დათბობა, ეს ფაქტია, ამას ვერ გავექცევით, იმიტომ, რომ გრენლანდიის მასივებმა უკვე დაიწყეს დნობა, რის გამოც წყალდიდობები და კატაკლიზმები სულ უფრო მატულობს. მსოფლიო მეცნიერება დღეს უფრო წინ არის, ვიდრე გამოყენებითი მხარე, ამას უნდა მიექცეს ძალიან დიდი ყურადღება და ეს სწორი მართვის გარეშე შეუძლებელია. ყველა პროცესს ჭირდება მართვა“, – ამბობს პროფესორი რამაზ გახოკიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოორგანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი.

„ქვეყანას სჭირდება არა მხოლოდ პოლიტიკის დოკუმენტები, ჩვენ გვჭირდება საქმე, რეალურად რა შედეგები მოიტანა იმ პოლიტიკამ?

ნარჩენი ფულია! იმის გამო, რომ ნარჩენების დახარისხების სისტემა არ არის დანერგილი ქვეყანაში, ყველა ნარჩენი, რომლებსაც აქვს ღირებულება, გროვდება ერთად და მიდის ნაგავსაყრელზე. ანუ შეგროვების ხარჯები, წაღების ხარჯები, განთავსების ხარჯები, ნაგავსაყრელის მოვლა-პატრონობის ხარჯები – ეს ყველაფერი რომ შევკრიბოთ, ფულს ვმარხავთ და კიდევ ფულს ვხარჯავთ, ფულის დამარხვაში ფულს ვიხდით“, – ამბობს გარემოსდაცვითი დამოუკიდებელი კონსულტანტი კახა რუხაია.

ნარჩენების დახარისხებისა და შეგროვების პროექტები, რომლებიც ქვეყანაში მოქმედი გარემოსდაცვითი ორგანიზაციების უმეტესობას ჰქონდა, ამოიწურა, სახელმწიფოს კი ამ დრომდე არ აქვს კონკრეტული პასუხი კითხვაზე, როდის დავიწყებთ სეპარირებას. სპეციალისტების შეფასებით, თუკი ქვეყანამ ნარჩენების სწორი მართვით მათი რაოდენობა დროულად არ შეამცირა, მხოლოდ ახალი, თანამედროვე ნაგავსაყრელების მოწყობა პრობლემას ვერ მოაგვარებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend