მთავარისაქართველოსაქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა პრესკონფერენცია გამართეს

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა პრესკონფერენცია გამართეს

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

პირისპირ შეხვედრისას საქართველოსა და სომხეთის პრემიერებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთს შორის მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ გარდამტეხი როლი შეასრულა საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.

ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების შესახებ გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის.

ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობების მაღალ დინამიკას და ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების ინტენსივობას.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად გიმასპინძლოთ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს საქართველოში. ჩემთვის პატივია გიმასპინძლოთ წარმომადგენლობით დელეგაციას სომხეთიდან.

კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო მარტში ჩემი ვიზიტი სომხეთში და მადლობა გადავუხადო ჩვენს მასპინძლებს გულთბილი მასპინძლობისთვის. ჩვენი ურთიერთობა, საქართველოს და სომხეთის ურთიერთობა, ეფუძნება მრავალსაუკუნოვან ურთიერთობასა და მეგობრობას ჩვენს ხალხებს შორის და მრავალსაუკუნოვან პატივისცემას. მოხარული ვართ, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდა პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაში, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. მოხარული ვარ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ გარდამტეხი როლი უკვე შეასრულა ჩვენი ურთიერთობების გაღრმავების კუთხით და ამ ყველაფერს აქვს კონკრეტული პრაქტიკული შედეგები. დღევანდელ შეხვედრაზე მე მადლობა გადავუხადე ჩემს კოლეგას, ბატონ პრემიერ-მინისტრს, ისტორიული გადაწყვეტილებისთვის, გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის, რომელიც უკავშირდება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ურთიერთობებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის. მე ასევე შეხვედრისას მადლობა გადავუხადე კოლეგას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მინდა აღვნიშნო ჩვენი ურთიერთობების ძალიან მაღალი დინამიკა, ჩვენ გვაქვს ძალიან ხშირი ორმხრივი ვიზიტები უმაღლეს დონეზე, მაღალი დონის ვიზიტები არის ძალიან ხშირი და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა შევინარჩუნოთ ეს ძალიან კარგი დინამიკა ჩვენს ურთიერთობებში და მაღალი ინტენსივობა ამ ურთიერთობებში. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების განვითარებაზე ყველა მიმართულებით, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობა თუ თანამშრომლობა კულტურის, განათლების თუ სხვა სფეროების მიმართულებით. რა თქმა უნდა, ყველა ეს სფერო არის თანაბრად პრიორიტეტული ჩვენთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული დინამიკა. თქვეს, რომ მტკიცედ უჭერენ მხარს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიან თანაცხოვრებას.

„მოხარული ვარ, რომ მეგობრულ საქართველოში კიდევ ერთხელ ვარ ჩამოსული. ძალიან დიდი მადლობა ტრადიციული თბილი მიღებისა და სტუმარმასპინძლობისთვის, რომელიც ჩემმა დელეგაციამ მიიღო უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში. ჩვენ მოვახერხეთ, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში გაგვეფართოებინა ყოვლისმომცველი თანამშრომლობა ყველა სფეროში. ამის საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ, რომ ამ წლის იანვარში საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა ავიდა უფრო მაღალი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე. ჩვენ ამგვარად მოვახერხეთ შეგვექნა ეფექტური და პერიოდული კონტაქტების სიცოცხლისუნარიანი მექანიზმი, რომელიც ემყარება ორმხრივ ინტერესებს, ისევე როგორც პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლებიც მიღებულია ჩვენი ქვეყნების ბრძენი ხალხების მიერ.

მე ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ საქართველომ და სომხეთმა უპირობოდ აღიარეს თითოეული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. მე ვთვლი ამ ფაქტს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს იმისთვის, რომ მიღწეულ იყოს სტაბილურობა და ხანგრძლივი მდგრადი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას. განიხილეს ასევე პარტნიორობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend