მერაბ დვალიშვილის ოცნება ასრულდა. ქართველი „მანქანა” UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონია.
ამ დროისთვის მის ანგარიშზე ზედიზედ 11 მოგებული ბრძოლაა, გამარჯვებამდე კი მერაბ დვალიშვილმა 4 ყოფილი ჩემპიონი დაამარცხა.
ამ ტრიუმფამდე რამდენიმე წლით ადრე იყო 15 წამში გათიშული მეტოქე და თავად ორგანიზაცია UFC-ის მფლობელის, დანა უათის, მიერ ბოძებული კონტრაქტი.
თუმცა მალევე იყო ზედიზედ 2 მარცხი UFC-ში და მარცხისთანავე გაჩენილი უამრავი შეკითხვა საკუთარ თავთან, ნამდვილად შეეძლო თუ არა მერაბს ამ მწვერვალებზე საუკეთესო პროფესიონალების წინაშე თავის წარმოჩენა. მისი მთავარი პრობლემა მშენებლობაზე მუშაობა იყო, რითაც ის თავს ირჩენდა და მთელი დღის განმავლობაში ურთულესი ფიზიკური სამუშაოს შემდეგ რამდენიმე საათი ვარჯიშობდა.
„ამერიკაში შენთვის არავის სცალია, ყველას თავისი საქმე აქვს, აქაურ გადასახადებს რომ გაუმკლავდეს, ნორმალურად რომ იცხოვროს, ყველამ უნდა იმუშაოს. მე კი, რადგან აქ სპორტში არავინ მიცნობდა, ბრძოლაში თანხასაც არ მიხდიდნენ. პროფესიონალებში რომ გადავსულიყავი, სახელის მოსახვეჭად ყველაფერი ნულიდან დავიწყე.
მშენებლობაზე მივედი სამუშაოდ, რადგან სახლების დასანგრევად ფიზიკურად ძლიერი, გამძლე და ამტანი ბიჭები სჭირდებოდათ. პირველი ზამთარი ძალიან ძნელი შესაჩვევი იყო. ფიზიკურად მძიმე მუშაობა, დანგრევა და მერე ამ ნაგვის კონტეინერში ჩაყრა, თან ყოველდღე, კვირის გარდა, გარეთ, ყინვაში მიწევდა მუშაობა 8 და 10 საათი – დილის 7-დან, დაახლოებით, 5 საათამდე. მერე ნახევარი საათი ცხელი შხაპის ქვეშ ვდგებოდი, რომ გავმთბარიყავი და მხოლოდ ამის შემდეგ მივდიოდი ვარჯიშზე”, – ამბობს მერაბ დვალიშვილი, UFC-ის ჩემპიონი.
ამ ურთულესი პერიოდის გადალახვის შემდეგ ყოველდღიურად შრომობდა, პარალელურად არ ივიწყებდა საკუთარ ქვეყანას და როცა საქართველოს დროშიანი ყელსაბამით გამოსვლა აუკრძალეს, სამშობლოს დროშა გულზე ამოისვირინგა. საქართველოზე უზომოდ შეყვარებული მერაბი არასდროს ივიწყებს ვანის რაიონის სოფელ სულორს, სადაც დაიბადა და ბავშვობა გაატარა.
მას ასევე ჰქონდა შეთავაზება, რომ თავის მეგობარ ალჯამეინ სტერლინგტანს, რომელთან ერთადაც კარიერის დასაწყისიდანვე ერთ დარბაზში ვარჯიშობს, სატიტულო ბრძოლა ჩაეტარებინა, თუმცა ამ ყველაფერზე მან უარი თქვა.
„ნამდვილად ველური დღე იყო. მდინარეში გადავხტით. ჩვენ მოვედით იმ სოფელში, სადაც მერაბი გაიზარდა. მის ოჯახის წევრებს შევხვდით – მამას, დედას, ბიძაშვილებს. აქ მოსული ყველა ადამიანი მერაბის სანახავად არის, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ პატარა ქვეყანაში სიყვარული ძალიან კარგად იციან“, – ამბობს ალჯამეინ სტერლინგი, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი და მერაბ დვალიშვილის მეგობარი.
შერეული საბრძოლო ხელოვნების ყველაზე დიდი ორგანიზაცია UFC-ის 8 წონითი კატეგორიის ჩემპიონებიდან 2 ქართველია, ილია „El Matador“ თოფურია და მერაბ „The Machine“ დვალიშვილი.
12 წლის წინ ამერიკაში მარტოდმარტო ჩასულ 21 წლის მერაბ დვალიშვილს ვერასდროს წარმოედგინა, რომ ცხოვრება ასე წარიმართებოდა. თუმცა თავდაუზოგავი შრომით, მოთმინებით, მიზანდასახულობითა და თავმდაბლობით მან უდიდესი ოცნება აისრულა. დღეს მერაბი თავისი საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულებით, მომავალი თაობისთვის მისაბაძი პიროვნებაა.