გერმანია სახმელეთო საზღვრებზე კონტროლს ამკაცრებს. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ გერმანია აძლიერებს შიდა უსაფრთხოებასა და აგრძელებს მკაცრი პოზიციის შენარჩუნებას უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ. ეს გადაწყვეტილება გერმანიის ხელისუფლებამ ქვეყანაში ბოლო დროს რამდენიმე ექსტრემისტული თავდასხმის გამო მიიღო.
ექვსი თვის განმავლობაში გერმანიის პოლიციის სპეციალურ კონტროლქვეშ იქნება საზღვრები დანიასთან, ნიდერლანდებთან, ბელგიასთან, ლუქსემბურგსა და საფრანგეთთან.
გერმანიას 9 ქვეყანა ესაზღვრება, ყველა შენგენის ნაწილია.
გერმანიამ სასაზღვრო კონტროლი ერთი წლის წინ აამოქმედა პოლონეთთან, ჩეხეთთან, ავსტრიასა და შვეიცარიასთან სახმელეთო საზღვრებზეც.
გერმანია შენგენის ზონის ცენტრში მდებარეობს, დამატებითმა კონტროლმა შესაძლოა, შეაფერხოს ხალხის თავისუფლად გადაადგილება, რაც ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების უკმაყოფილებას იწვევს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის შეფასებით, გერმანიის მიერ მიღებული ზომები არღვევს შენგენის პრინციპს, რომელიც შიდა საზღვრებზე პერსონალური კონტროლისა და რიგების გარეშე მიმოსვლას ითვალისწინებს.
ევროკომისია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში ემხრობა წევრი სახელმწიფოების მიერ ევროკავშირის შიდა საზღვრების დროებით კონტროლს. ასეთი შეზღუდვები ხშირია, ძირითადად, სპორტული ღონისძიებების დროს, მათ შორის, პარიზის ოლიმპიური თამაშებისა და ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის დროს.