მთავარისაქართველო50 000-ზე მეტი პირველკლასელისთვის პირველად დაირეკა სკოლის ზარი

50 000-ზე მეტი პირველკლასელისთვის პირველად დაირეკა სკოლის ზარი

საქართველოს სკოლების უმრავლესობამ 16 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სკოლის შენობების წინ მოსწავლეები ძველ და ახალ კლასელებსა და მასწავლებლებს ხვდებიან. როგორც თავად ამბობენ, ბავშვებს მეგობრების ნახვაც უხარიათ და ახალი სასწავლო წლის დაწყებაც.

„ძალიან მიხარია მეხუთე კლასში რომ გადავედი. თან ყველაზე მეტად ის მიხარია, ახალი მასწავლებლები რომ მეყოლება და მეგობრებს რომ ვნახავ“, – ამბობს მეხუთეკლასელი ნიცა მეზურნიშვილი.

„მეშვიდე კლასში გადავედი და ძალიან მიხარია კლასელებისა და მასწავლებლების ნახვა. გვემატება ფიზიკა, გეოგრაფია და მოქალაქეობა. რა თქმა უნდა, სამივე მაინტერესებს“, – ამბობს მეშვიდეკლასელი ბარბარე ხურციძე.

მეხუთე კლასელის მშობელი მედეა ზირაქაშვილი კი ამბობს, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ოჯახი დიდი მოლოდინებით ხვდება.

„ბევრი ახალი საგანი ემატება. შესაბამისად, ახალი პედაგოგებისგან მხოლოდ პოზიტივს მოველით. რაც მთავარია, ველით სწავლისა და თანატოლებთან სოციალური ურთიერთობების გაუმჯობესებას. ძალიან ბედნიერები ვართ. ადრე მეორე ცვლა იყო და ახლა 9 საათზე იწყება სწავლა. ვფიქრობდი, რომ სერიოზული გამოწვევა იქნებოდა. მაგრამ ძალიან მიხარია, რომ მიუხედავად ამ სირთულისა, ის სიხარულით მორბოდა კლასელებთან შესახვედრად“, – ამბობს მედეა ზირაქაშვილი.

სკოლის ზარი 16 სექტემბერს პირველად 50 000-ზე მეტი პირველკლასელისთვის დაირეკა, მათ შორის, არის ადამ სეფიაშვილი, რომელიც სკოლაში მშობლებმა და დამ მიაცილეს.

„დღეს პირველ კლასში მიდის და ძალიან ბედნიერები ვართ. რა თქმა უნდა, არ ვნერვიულობთ, რადგან თვითონაც არ ნერვიულობს. იმედია, რომ ძალიან წარმატებული 12 წელი იქნება… თუ რამდენი წელი იქნება, არ ვიცით, მაგრამ ძალიან წარმატებული და რაც მთავარია, ბედნიერი იქნება“, – ამბობს ადამის დედა ეკა დვალიშვილი.

საქართველოს საჯარო სკოლების ნაწილი ახალ სასწავლო წელს ინფრასტრუქტურული პრობლემებით ხვდება. „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრის“ კვლევის თანახმად, საქართველოში საჯარო სკოლების 59% სრულად ან ნაწილობრივ საჭიროებს რეაბილიტაციას. სასწავლო წლის დაწყებამდე გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რეაბილიტირებული ან გარემონტებული სკოლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 51 % თბილისშია, ყველაზე დაბალი – 11% კი სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიაში.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვრის განაცხადებით, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ქვეყანაში მშენებლობისა და რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. იგი 160-ე საჯარო სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

„მთლიანად საქართველოს და განსაკუთრებით 50 000-ზე მეტ პირველკლასელს მივულოცავ სწავლის დაწყებას, მათ მშობლებს, მთლიანად სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს. დღეს ახალი სასწავლო წელი იწყება და უამრავი სიახლე გვაქვს. სექტემბრის ბოლომდე გაიხსნება 60 ახალი დიდი სკოლა მთელი ქვეყნის მასშტაბით. წლის ბოლომდე ჩვენ პრაქტიკულად ასი ახალი სკოლა გვექნება სისტემაში დასრულებული, განახლებული, სრულად აღჭურვილი თანამედროვე ინვენტარით, რომელიც 30 000-მდე მოსწავლეს მოემსახურება“, – განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2000-ზე მეტი საჯარო სკოლაა, თუმცა ახალი სასწავლო წლის დაწყებისას მათი ნაწილი მოსწავლეების მისაღებად მზად ჯერ კიდევ არ არის.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend