გორში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.
სოციალურ ქსელში ამ განცხადებას გამოეხმაურნენ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები.
საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის, ცოლი მაკა ჩიკვილაძე წერს: „2008 წლის 9 აგვისტო… „ოსი ძმების“ ჩექმა გიორგის ზურგზე. ბოდიში გიორგი…“
„ანუ რა გამოვიდა? ჩემი მეუღლე ტყუილად შეეწირა ქვეყნის თავისუფლებას? აგრესორი ქვეყანა ვართ? და აგრესორების ომში იბრძოდა? რა ვუთხრა მის სულს? რით იამაყონ ჩვენმა შვილებმა? რომ ჩამოდგებით ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლები და პოზირებთ ემზარ წილოსანის საფლავთან, ვინ იყო ემზარი? შეგიძლიათ მიპასუხოთ? ვის მოუხადონ ბოდიში ჩემმა შვილებმა? რუსებს? ოსებს? თუ ვის, მითხარით ხელისუფლებავ!!! ან გორელებო, თქვენ ხომ ყველაზე კარგად იცით, ვინ დაიწყო ომი? რატომ გაუტარეთ ასეთი მოღალატეობრივი მიმართვა ივანიშვილს? თან დაგვცინა, სპეციალურად გორისთვის შემონახული მიმართვააო… ვის მოვუხადოთ ბოდიში შინდისის ბრძოლის გმირების ოჯახებმა? აგვიხსენით!“ – წერს სოციალურ ქსელში თეო წილოსანი, შინდისის ბრძოლაში დაღუპული ემზარ წილოსანის მეუღლე.
პოლკოვნიკ დავით ელიზბარაშვილის შვილი, ვალერი ელიზბარაშვილი: „ბოდიში ჩვენს გმირებს, არ ვიმსახურებდით თქვენს თავგანწირვას, ნამდვილად არ ვიმსახურებდით“.
ომში გმირულად დაღუპული შმაგი სოფრომაძის მეუღლე, თეა ტაბატაძე: „ბოდიში შმაგი. ბოდიში დღევანდელი საქართველოსთვის… ალბათ, არ ღირდა… 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად თავშეწირული ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი შმაგი სოფრომაძე… გული მტკივა შენი დაუფასებელი თავგანწირვის გამო… ბოდიში შენ…”
სერჟანტ მიხეილ ცერცვაძის მეუღლე, ნინო ფსუტური: „სოფიო არასდროს მოიხდის ბოდიშს იმის გამო, რომ მას 2 წლის ასაკში მამა, რომელიც სამშობლოს იცავდა, მოუკლეს…”