მთავარისაქართველო20 საჯარო სკოლაში დაინერგება ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები

20 საჯარო სკოლაში დაინერგება ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები

ახალ 2024-2025 სასწავლო წელს სიახლეებიც ახლავს. მაგალითად, საქართველოს მასშტაბით 20 საჯარო სკოლაში ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები დაინერგება. ამ ჩამონათვალში როგორც თბილისის, ასევე რეგიონების საჯარო სკოლები შედის.

ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობა მე-11-12 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. ორწლიანი სწავლების დასრულების შემდეგ სკოლის ატესტატთან ერთად მათ სასურველი პროფესიაც ექნებათ.

„სალექციო ცხრილი სკოლის საათობრივ ბადესთან შესაბამისად აეწყო. ჩვეულებრივი სასკოლო პროგრამისგან განსხვავდება იმით, რომ სწავლება პრაქტიკულ საქმიანობაზეა დაფუძნებული და სწავლობენ ყველაფერს პრაქტიკაში. შესაბამისად, ეს აღარ არის ჩვეულებრივი საგაკვეთილო პროცესი. მოსწავლეები შეისწავლიან შემდეგ პროგრამებს: Front-end დეველოპმენტი, ბაღის დიზაინი, სარესტორნო მომსახურება, გრაფიკული დიზაინი, სასტუმრო მომსახურება, კომპიუტერული ქსელი და სისტემები“, – ამბობს ირინე მარგიშვილი, პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელი.

ლუკა კაპანაძე ერთ-ერთია იმ მოსწავლეთა შორის, რომელიც ამ პროგრამაში ჩაერთო…

„პროგრამით იმიტომ დავინტერესდი, რომ ბავშვობიდან მომწონდა კომპიუტერული სფერო. ასევე მგონია, რომ მომავალში ძალიან გამომადგება ეს პროფესია… ჩემი აზრით, გრაფიკულ დიზაინზე ძალიან საინტერესო გაკვეთილები იქნება. გვითხრეს, რომ საინტერესო პრაქტიკული სამუშაოები იქნება… გრაფიკული დიზაინერობა მოთხოვნადი პროფესიაა, შესაბამისად დასაქმება შემეძლება, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთშიც. ასევე მიმზიდველია ის, რომ ნებისმიერი ადგილიდან შემიძლია მუშაობა“, – ამბობს ლუკა კაპანაძე.

და როგორ შეძლებენ სკოლის მოსწავლეები პროგრამის პარალელურად ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას?

როგორც პროფესიული უნარების სააგენტოში გვეუბნებიან, განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი ეროვნული სასწავლო გეგმა არ შეიცვლება. ინტეგრირებული პროგრამით მოსწავლეები პროფესიული უნარების შეძენის პარალელურად სასკოლო საგნებსაც შეისწავლიან.

საგანმანათლებლო პროგრამაშია ჩართული ხათუნა ჯანჯალიაც. ის სკოლის მოსწავლეებს გრაფიკულ დიზაინს შეასწავლის.

„მე, როგორც კურსდამთავრებული და სტუდენტი, ვიცი, რომ ამ ბავშვებს ძალიან კარგი შედეგი და უდიდესი მომავალი ექნებათ. ისინი პროფესიას დაეუფლებიან სულ რაღაც 17 წლის ასაკში…. გრაფიკული დიზაინის სრულ კურსს გადიან, რაც საშუალებას აძლევთ დასრულებისთანავე დაიწყონ მუშაობა. ვთვლი, რომ ერთწლიანი კურსის გავლის შემდეგ შეეძლებათ „ფრილანსერად“ მუშაობა. გრაფიკული დიზაინერობა ძალიან მოთხოვნადი პროფესიაა, შესაბამისად, დასაქმება ბევრ სფეროში შეეძლებათ“, – ამბობს ხათუნა ჯანჯალია, გრაფიკული დიზაინის ლექტორი.

ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა წელს საპილოტე რეჟიმში დაიწყო. ჯერჯერობით ახალ პროგრამაში ჩართვა ყველა მსურველს არ შეეძლება. თითო სკოლას 20-40 მოსწავლე შეუძლია მიიღოს, ეს კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამხელაა სასწავლებელი და როგორაა ტექნიკურად აღჭურვილი.

ლილე სამუშია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend