მთავარისაქართველოსასკოლო ნივთების ფასი

სასკოლო ნივთების ფასი

როგორც წესი, სექტემბრის ამ დროს ბაზრობაზე უჩვეულოდ ბევრი ხალხია. ეს იმიტომ, რომ ძალიან მალე სკოლა იწყება.

მშობლები ამბობენ, რომ ბაზრობაზე ფასები მაღაზიებთან შედარებით გაცილებით დაბალია.

16 სექტემბერს ქეთი სვიანაძეს ორი შვილი მიდის სკოლაში. ევრონიუსთან საუბარში ის ამბობს, რომ ფასები შარშანდელთან შედარებით გაზრდილია.

„ორი ბავშვი მყავს სასკოლოდ გასამზადებელი და შარშანდელთან შედარებით ბევრად მომატებულია ფასები, ახალი რომ ვუყიდო ყველაფერი, ორივესთვის უნდა ვივარაუდო მინიმუმ 200 ლარი. აღარ მაქვს საუბარი წიგნებზე, საკანცელარიო ნივთებზე, რვეულებსა და ა.შ. არც სპორტულებზე, არც ჯინსებზე ან სხვა ტანსაცმელზე”, – განმარტავს ქეთი.

სკოლისთვის ემზადებიან ნიცა და ლუკაც. მათაც სხვა ბავშვების მსგავსად საკლასო ოთახში დასაბრუნებლად უამრავი ნივთი სჭირდებათ. მათი დედა, მარიამ მაზიაშვილიც, საუბრობს სასკოლო ნივთების მაღალ ფასებზე. ამბობს, რომ ამ ნივთებზე ფასი წლიდან წლამდე იზრდება.

„მაგალითად, საკანცელარიო ნივთებში თითო ბავშვზე გადავიხადე დაახლოებით 150 ლარი. ბაზრობაზეც ვიყავი, მოლებშიც, მაგრამ, რაც არის ძალიან იაფფასიანი, საკმაოდ ცუდი ხარისხისაა. მაგალითად, ფანქრები ტყდება მარტივად, არ ხატავს კარგად და ასეთის შეძენა ტყუილად გადაყრილი ფულია. დაახლოებით წინა წელს თუ დამიჯდა მაგალითად ორივე ბავშვზე საკანცელარიო ნივთები 200 ლარი წელს უკვე დამიჯდა 300 ლარი”, – ამბობს მარიამი.

სხვადასხვა ორგანიზაცია თუ სავაჭრო ცენტრი მომხმარებლებს სკოლის დაწყებასთან ერთად გარკვეულ აქციას სთავაზობს. თუმცა მშობლები გვეუბნებიან, რომ ფასები მაინც მაღალია.

და ვისაც მეტის გადახდა არ შეუძლია, ისევ ბაზრობაზე მიდის.

16 სექტემბერს ასიათასობით მოსწავლე სკოლაში წავა. საჯარო სკოლების მოსწავლეებს სახელმძღვანელოები უფასოდ დაურიგდებათ, თუმცა სხვა აუცილებელ ნივთებზე მზარდი ფასები ბევრი ოჯახისთვის კვლავ გამოწვევად რჩება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend