აშშ-ის სენატში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორ ეკა გიგაურს მოუსმინეს. მან ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესაძლო მავნე შედეგებზე, რომელიც მმართველმა პარტიამ პროტესტის ფონზე მიიღო. საქართველოს მოსახლეობას არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებისკენ მოუწოდა სენატორმა ჯიმ რიშმა.
„დღეს უამრავ ინფორმაციას შორის ყოველთვის არის დეზინფორმაცია. თუმცა თუ ამ ამბებს კარგად დავაკვირდებით, ჭკვიანი ადამიანები ყოველთვის შეძლებენ იმის დანახვას, რომ დემოკრატია ყოველთვის სჯობს ავტორიტარიზმს. თქვენ ჩვენ იმედს გვაძლევთ, რომ ქართველების უმრავლესობას სწორი რამ სურს. ჩვენ დავაკვირდებით არჩევნებს მომდევნო თვეში, მე უამრავ არჩევნებს დავსწრებივარ და თუ ის მართალია, რასაც ქართველებზე ამბობთ, რომ მათ მიეცემათ შანსი, გაყარონ ეს არამზადები და საკუთარ ხელში აიღონ მომავალი, მაშინ ჩვენ ვილოცებთ თქვენთვის“, – განაცხადა სენატორმა რიშმა.
სენატში გამართულ მოსმენას და საქართველოს მოქმედი ხელისუფლების კრიტიკას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა თბილისში. პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლების განცხადებით, აშშ-ის ზოგიერთი ოფიციალური პირი მიჰყვება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის გზას და მწუხარებას გამოთქვამენ ამერიკელი სენატორის განცხადებების გამო.
„რიშმა თქვა, რომ ამ არჩევნების შემდეგ ვიგინდარები გაიყრებიან ქართული სივრციდან და პოლიტიკიდან. მე მგონი, ეს მართალია, ჩვენი დაპირებაც ეს არის – ამ არჩევნების შემდეგ უნდა აიკრძალოს ყველა, მისი ტერმინით რომ ვთქვათ, ვიგინდარა ქართულ პოლიტიკაში – ერთადერთი ახალი რაც გავიგეთ ამ გამოსვლიდან არის ის, რომ ეკა გიგაურს წესიერი ინგლისურიც კი არ სცოდნია. რიში გვიმტკიცებს, რომ არის არჩევნების მიუკერძოებელი დამკვირვებელი აშშ-ის სენატიდან და თან ერთ-ერთ პოლიტიკურ სუბიექტს და კონკრეტულად მმართველ ძალას უწოდებს ვიგინდარას. რა ფასი აქვს ამის შემდეგ მის რომელიმე განცხადებას, არავითარი ფასი არ აქვს. როდესაც კრიტიკა არის აბსოლუტურად უსამართლო, როცა არის სრული უსამართლობა, რა თქმა უნდა, არაფერს აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა პრემიერმა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, აშშ-ის სენატში გამართული მოსმენის შემდეგ კიდევ უფრო ცხადი გახდა, თუ რა კრიტიკულ ზღვარზე იმყოფება აშშ-საქართველოს შორის პარტნიორული ურთიერთობა. მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით, ხელისუფლებაში დემოკრატიული ძალების მოსვლის შემდეგ შტატებსა და ევროკავშირთან პარტნიორობა დაუყოვნებლივ აღდგება.
„გუშინ აშშ-ში, სენატში ჩატარდა მორიგი მოსმენა საქართველოზე, ეს არის რიგით მესამე მოსმენა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების სახით ძალიან დიდ ფოკუსირებას ახდენს იმ არჩევნებზე, რომელიც უნდა ჩატარდეს ოქტომბერში და რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ბედი, ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი. ამაზე გუშინ ღიად ისაუბრეს კანონმდებლებმა გუშინდელი სენატის მოსმენაზე, როდესაც მაგალითად, საკმაოდ გავლენიანმა სენატორმა რიშმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სახელით განაცხადა, რომ საქართველომ უნდა აირჩიო ისეთი ხელისუფლება, რომელიც ანგარიშვალდებულია ხალხთან. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები, როგორც შესაძლებლობა, რომ აღვადგინოთ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები, აღვადგინოთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და მიეცეს შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ მილიარდობით ევრო მიიღოს, რომელიც სხვადასხვა პროექტის დაფინანსებას მოხმარდება”, – განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.
სენატის შემაჯამებელ პოზიციაში აღინიშნა, რომ აშშ ყურადღებით დააკვირდება საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პროცესს. მიღებული შედეგების შემდეგ კი, საქართველოსთან ურთიერთობებს შესაბამისად გადახედავს.
ალეკო გვეტაძე