12 სექტემბერს აშშ-ის სენატში მოუსმინეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, იმსჯელეს საქართველოზე, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური წარმოადგენდა.
ეკა გიგაურმა ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე. მან გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება და აღნიშნა, რომ მასობრივი პროტესტის მიუხედავად მმართველმა ძალამ გადადგა ნაბიჯი ავტორიტარიზმისკენ. ეკა გიგაური დასძენს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ცალსახად არის ევროპა და ევროკავშირი.
„მე აქ იმისთვის ვარ, რათა გაგიზიაროთ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული კანონის ჩვენებური პერსპექტივა და ჩემი, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველის პირადი გამოცდილება. არასამთავრობოების წინააღმდეგ მიმართული კანონების წარდგენის შემთხვევებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმატა. თავდაპირველად ეს კანონი პუტინის რეჟიმმა რუსეთში მიიღო. შესაბამისად, როდესაც საქართველოში მსგავსი კანონები ინიციირდება, ეს აძლიერებს ავტოკრატიულ რეჟიმებს, დასავლეთის წინააღმდეგ პროპაგანდასა და ხელს უშლის აშშ-სა და ევროპასთან თანამშრომლობას. ორი რამ არის ასეთ დროს მნიშვნელოვანი: მოქალაქეთა პროტესტი, რომლებმაც აირჩიეს თავისუფლება და საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების მუდმივი მხარდაჭერა“, – აცხადებს ეკა გიგაური.
მოსმენისას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორმა სენატორის შეკითხვებსაც უპასუხა. სენატორმა რიშმა აღნიშნა, რომ აშშ ყურადღებით დააკვირდება საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პროცესს.
„დღეს უამრავ ინფორმაციას შორის ყოველთვის არის დეზინფორმაცია. თუმცა თუ ამ ამბებს კარგად დავაკვირდებით, ჭკვიანი ადამიანები ყოველთვის შეძლებენ იმის დანახვას, რომ დემოკრატია ყოველთვის სჯობს ავტორიტარიზმს. თქვენ ჩვენ იმედს გვაძლევთ, რომ ქართველების უმრავლესობას სწორი რამ სურს. ჩვენ დავაკვირდებით არჩევნებს მომდევნო თვეში, მე უამრავ არჩევნებს დავსწრებივარ და თუ ის მართალია, რასაც ქართველებზე ამბობთ, რომ მათ მიეცემათ შანსი, გაყარონ ეს არამზადები და საკუთარ ხელში აიღონ მომავალი, მაშინ ჩვენ ვილოცებთ თქვენთვის“, – ამბობს სენატორი რიში.
კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს მიიღო. კენჭისყრაზე, რომელიც მასობრივი პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა, კანონს მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა.
ამ მოსმენის დანიშვნას მწვავე კრიტიკა მოჰყვა მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ მოსმენას „საქართველოს გასამართლება” უწოდა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია, ბოლო პერიოდში ამერიკის ზოგიერთი წარმომადგენლისა თუ პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ გავრცელებული ცრუ ბრალდებები და ნარატივები.