მთავარისაქართველოთბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ფაქტების ანალიტიკოსთა კონფერენცია მიმდინარეობს

თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ფაქტების ანალიტიკოსთა კონფერენცია მიმდინარეობს

დეზინფორმაციული კამპანიები, რუსეთის ჰიბრიდული ომი, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული გამოწვევები, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება და მავნე ინფორმაციასა და მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებული სხვა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ამ თემებზე სასაუბროდ თბილისში 12 ქვეყნიდან 40-მდე პროფესიონალი ჩამოვიდა. „მედიის განვითარების ფონდი” აღმოსავლეთ პარტნიორობის ფაქტების ანალიტიკოსთა კონფერენციას მასპინძლობს. დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან დაკავშირებულ გამოწვევებს ქართველი და უცხოელი ექსპერტები, მკვლევრები და ჟურნალისტები 12-13 სექტემბერს განიხილავენ. ღონისძიების მიზანი რეგიონში მავნე ინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და მედიაწიგნიერების ხელშეწყობაა.

მედიის განვითარების ფონდი დოიჩე ველე აკადემიასა და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციებისთვის კონფერენციას მეორედ ატარებს. ღონისძიება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით იმართება.

კონფერენციის ორგანიზატორები და მონაწილეები აღნიშნავენ, რომ რუსულ პროპაგანდასთან ერთად საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა ადგილობრივი დეზინფორმაციული კამპანიებიც. ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ ეს კამპანიები ძირითადად ანტიდასავლურია და არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო და უფრო ძლიერდება.

„დღეს, როცა ჩვენ ვართ საარჩევნო ციკლში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვიხილოთ, თუ რა გამოწვევებს უქმნის დემოკრატიას ადგილობრივი დეზინფორმაცია, რომელიც აძლიერებს უცხო ქვეყნის საინფორმაციო ოპერაციებს. თუ რამდენიმე წლის წინ ჩვენ მხოლოდ რუსულ დეზინფორმაციაზე ვსაუბრობდით, დღეს გამოწვევაა ადგილობრივი ხელისუფლებისგან წამოსული დეზინფორმაციაც. ხელისუფლება არ ამბობს, რომ დასავლეთის წინააღმდეგია. იგი ამბობს, რომ დასავლეთში საკუთარი თამაშის წესებით მიდის. ეს თამაშის წესები კი აცდენილია იმ საერთო ევროპულ ღირებულებებს, რომელთა გამოც გვინდა, რომ დასავლეთის ნაწილი ვიყოთ“, – ამბობს თამარ კინწურაშვილი, MDF-ის აღმასრულებელი დირექტორი.

„არჩევნები ის დროა, როდესაც დეზინფორმაციული გზავნილები კიდევ უფრო იმატებს. იმისთვის, რომ ამომრჩეველმა ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოს, მისი ამ დეზინფორმაციისგან დაცვაა საჭირო…

ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო ჩარევის მცდელობა. სულ ახლახან Meta-მ წაშალა რუსული ქსელები, რომლებიც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში მუშაობდა. საქართველოში ეს ანგარიშები „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იყო მიმართული და მმართველ პარტიას უჭერდა მხარს“, – ამბობს ნინო დოლიძე, ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი.

საქართველოში ადგილობრივი დეზინფორმაციული კამპანიების თაობაზე საუბრობენ უცხოელი მკვლევრებიც.

„საქართველოში ძალიან კარგი კვლევითი საზოგადოებაა, რომელიც დეზინფორმაციულ კამპანიებს იძიებს. როდესაც ტექნოლოგიურ კომპანიაში ვმუშაობდი, მსგავსი კვლევები საქმიანობის შესრულებაში ძალიან გვეხმარებოდა. ჩვენ ვაუქმებდით დეზინფორმაციულ ქსელებს მთელი მსოფლიოდან, მათ შორის, რუსეთიდან და საქართველოდან. ისინი ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ და ადამიანების შეცდომაში შეყვანას ცდილობდნენ. რუსეთი მძლავრ კამპანიას აწარმოებს ხალხის მოსატყუებლად და მნიშვნელოვანია, რომ ამის წინააღმდეგ მკვლევრები მუშაობენ. მსგავს კამპანიებს აწარმოებენ მთავრობებიც. ამ საკითხზე საუბრისას ხშირად გვახსენდება მხოლოდ უცხოური აქტორები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობაზე მუშაობენ. თუმცა მუდმივად იზრდება ადგილობრივი დეზინფორმაციული კამპანიების რაოდენობაც. ამას პოლიტიკური პარტიები აკეთებენ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ეს ხდება საქართველოშიც“, – ამბობს ოლგა ბელოგოლოვა, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის უმაღლესი საერთაშორისო კვლევების სკოლის ახალი ტექნოლოგიების ინიციატივის პროგრამის დირექტორი.

მედიის განვითარების ფონდში ამბობენ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ფაქტის გადამმოწმებელ ორგანიზაციასთან ერთად რამდენიმე დეზინფორმაციული კამპანია გამოავლინეს. ამ პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია თანამშრომლობდა უკრაინელ, ესპანელ, ლიეტუველ პროფესიონალებთან და ტრანსსასაზღვრო დეზინფორმაციას იკვლევდა.

„პროექტის ფარგლებში გამოვავლინეთ რამდენიმე დეზინფორმაციული კამპანია, რომელთა მიზანიც იყო უკრაინელი მაღალჩინოსნების დისკრედიტაცია. ამასთან, იმის მტკიცება, რომ დასავლეთის დახმარება რეალურად უკრაინის არმიას, უკრაინის გამარჯვებას არ ხმარდება. ასევე, ძალიან ხშირი იყო იმის დამტკიცების მცდელობა, რომ უკრაინაში იძულებითი მობილიზაცია ხდება“, – აღნიშნავს სალომე გიუნაშვილი, „მედიის განვითარების ფონდის“ მკვლევარი.

13 სექტემბერს კონფერენცია რუსეთის ჰიბრიდულ ომთან, ხელოვნურ ინტელექტთან, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობით გაგრძელდება. 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend