მთავარისაქართველოშუქრუთელების პროტესტის 184-ე დღე

შუქრუთელების პროტესტის 184-ე დღე

შუქრუთის მცხოვრებლები უკვე მეორე დღეა, საპროტესტო აქციას მართავენ საქართველოს პარლამენტთან. ისინი ითხოვენ ზარალის ანაზღაურებას, რომელიც მათივე თქმით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად მიადგა მათ საცხოვრებელ სახლებსა და ზოგადად, სოფელ შუქრუთს.

შუქრუთელების საპროტესტო აქცია უკვე 184 დღეა მიმდინარეობს, ისინი 6 თვის განმავლობაში სოფელში მართავდნენ საპროტესტო აქციებს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მათი თქმით, არც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისა“ და არც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არავინ დაინტერესებულა მათი პრობლემებით, გადაწყვიტეს, საპროტესტო ტალღა თბილისში გაეგრძელებინათ.

„ღამის გათენების გვეშინია. რა დროს ჩავარდება მიწა და მთელი ოჯახით ჩავყვებით თან, არ ვიცით. ბავშვები გვყავს, ოჯახებით ვცხოვრობთ ამ სახლებში“, – ამბობს შუქრუთში მცხოვრები ზვიად პაპიძე.

„ამ კომპანიის წინაშე უპატრონოდ ვართ დატოვებულები. ველოდებით ვინმეს, ვინც მოგვხედავს, უშუალოდ სახელმწიფოსგან ვითხოვთ ჩართულობასა და დახმარებას. თავზე გვანგრევენ ჩვენს სახლებს და ამას ვერავის დავუთმობთ. 184 დღეა, ვითხოვთ დახმარებას, მაგრამ არავინაა ჩვენი პატრონი. უკიდურესი ზომა გვაქვს მიღებული და სამომავლოდ ქალებიც დაგვემატებიან. ისინიც შიმშილს დაიწყებენ. სადამდეც გავძლებთ, გავძლებთ. თუ არადა, ყველა ნახავს, რაც მოუვა სიმართლისთვის მებრძოლ ადამიანს“, – ამბობს გიორგი ბიწაძე, შუქრუთის მკვიდრი.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ კი ამბობენ, რომ კომპანიას შუქრუთის ტერიტორიაზე არასდროს უმუშავია. განაცხადეს, რომ სოფელ შუქრუთში მადნის მოპოვებითი სამუშაოები 1960-იან წლებში დაიწყო და საბჭოთა კავშირის პერიოდში სოფლის ქვემოთ მიწის გამომუშავება ხდებოდა, რაც კომპანიის წარმომადგენლების თქმით, დღეს იწვევს მიწის ჩამოშლასა და სახლებზე ბზარების გაჩენას. „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შუქრუთის აქციის ორგანიზატორებს, რომლებმაც უკვე 6 თვეა, რაც ჭიათურაში შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროები გადაკეტეს და პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართეს, სრულად აქვთ მიღებული საკომპენსაციო თანხები.

„დღემდე კომპანიამ 12 მილიონ ლარზე მეტი გასცა კომპენსაციის სახით, ხოლო აქციის ორგანიზატორებმა უკვე სრულად აიღეს კომპენსაციები“, – ნათქვამია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აქვე გეტყვით, რომ უკვე მეთორმეტე დღეა, რაც შუქრუთის მცხოვრებლების ნაწილს პირი აქვს ამოკერილი და შიმშილობს.

„სოფელ შუქრუთის ქვეშ ჩვენ სამუშაოებს არ ვაწარმოებდით და არც ახლა არ ვაწარმოებთ. კომუნისტების დროიდან იყო დამუშავება და ლოგიკურია, რომ ამ გამომუშავების შედეგად დაზიანდა მათი სახლები. ჩვენ ვმუშაობთ მიმდებარე ტერიტორიაზე“, – განაცხადა მირიან ბიჭიკაშვილმა, „ჭიათურა მენეჯმენტ” კომპანიის სოციალური პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

შუქრუთის მცხოვრებლები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. ამბობენ, რომ დასაკარგი უკვე აღარაფერი აქვთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend