მთავარისაქართველოსაქართველოში დნმ ბაზის შექმნა იგეგმება

საქართველოში დნმ ბაზის შექმნა იგეგმება

საგამოძიებო მოქმედებების, განსაკუთრებით სისხლის სამართლის საქმეებზე, სწრაფად და ოპერატიულად წარმართვისთვის საქართველოს მთავრობამ პარლამენტს დნმ-ის ბაზის შექმნისათვის საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა. კანონპროექტი „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა განიხილა. სხდომაზე მიწვეული იყვნენ შსს-ს წარმომადგენლები, როგორც კანონის აღმასრულებელი მხარე. მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, კანონპროექტით განისაზღვრება დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნისა და ფუნქციონირების საფუძვლები და პირობები. კერძოდ, გენეტიკური პროფილის შენახვით დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე, დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობის მიზნით, ბიუროს ბაზაზე შეიქმნება დნმ-ის მონაცემთა ბაზა. მისივე თქმით, საგამოძიებო მოქმედებების სრულყოფისთვის ასეთი ბაზის შექმნა აუცილებელია.

„კანონპროექტის მიღების შედეგად საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბაზაზე შეიქმნება დნმ-ის მონაცემთა ბაზა, რომელშიც შეინახება „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული გენეტიკური პროფილები“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

რას მოიცავს დნმ-ის ბაზა, რას წარმოადგენს ადამიანის გენეტიკური მასალა და როგორ უნდა მოხდეს ნიმუშის აღება, სათანადოდ შენახვა, დამუშავება და ერთიანი ბაზის მოწესრიგება. სისხლის სამართლის იურისტის ბექა თაკალანძის განმარტებით, ბიოლოგიური მასალის ნიმუშები მრავალფეროვანია და შესაბამისი ბაზის ქონა რთულ პროცესებთანაა დაკავშირებული, თუმცა ნებისმიერი სახელმწიფოს საგამოძიებო უწყებებისა და ექსპერტიზის ბიუროებისთვის ფუფუნებაა.

იურისტის თქმით, საგამოძიებო ინტერესების დაკმაყოფილების გარდა, საყურადღებოა დნმ-ის ნიმუშების ბაზის მიზნობრიობა და კონსტიტუციურობა. მაგალითად, ეს ბაზა არ უნდა არღვევდეს პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონს.

„გამოძიების ფარგლებში ხშირად დგება ისეთი მომენტი, როდესაც გენეტიკური პროფილი არის საჭირო საქმის გასახსნელად. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სისხლის, თმის, ფრჩხილის, კანისა და სხვა სახის ნიმუში. ასეთი მასალა არა მხოლოდ ადამიანის სხეულიდან, არამედ ნივთიდანაც გროვდება. ასეთი ბაზის არსებობის შემთხვევაში, საჭიროებისას, გამოძიებას დამატებითი რესურსისა და დროის დახარჯვა აღარ დასჭირდება და პირდაპირ შეძლებს ასეთი მონაცემის მიღებას ბაზიდან. ეს ბიოლოგიური ნიმუშები ერთჯერადად აიღება და იქნება ბაზაში. კანონპროექტში ასახულია, რომ ამ ბაზის საჭიროებასა და მიზანს წარმოადგენს დანაშაულის გახსნის ინტერესი და ასევე დაკარგული ადამიანების პოვნა.

ცალკეულ პირებთან მიმართებით ეს იქნება სავალდებულო. მაგალითად, ბრალდებულ პირებს მოეთხოვება დასთანხმდნენ ბიოლოგიური ნიმუშების აღებას. ხოლო სხვა პირების შემთხვევაში ეს იქნება ნებაყოფლობითი.

ინიციატივაში ისიც წერია, რომ შესაძლო გენეტიკური პროფილების საერთაშორისოდ მიმოცვლაც მოხდეს. საერთო ჯამში ასეთი ბაზის შექმნა ნამდვილად მნიშვნელოვანია, თუმცა, იკვეთება გარკვეული საკითხები, რომელთა დამუშავებაც იქნება საჭირო. კერძოდ, დანაშაულთა გახსნა არ უნდა მოხდეს ყველაფრის ხარჯზე, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემთა გასაჯაროების ხარჯზე, რომ არ დადგეს ამ კანონის კონსტიტუციურობის პრობლემა“, – აცხადებს იურისტი.

„როგორც ცნობილია, დნმ-ის მონაცემთა ბაზაში აისახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე ფიზიკური პირისგან, გვამისგან, შემთხვევის ადგილიდან ან სხვა მატერიალური საგნიდან განსაზღვრული გენეტიკური პროფილები.

ამის გარდა, დასაშვები იქნება ნებისმიერი პირის გენეტიკური პროფილის მისივე თანხმობით დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. ამავე დროს, შესაძლებელი იქნება გენეტიკური პროფილის როგორც სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემა, ასევე სხვა ქვეყნის სახელმწიფო უწყებების მიერ დამუშავებული გენეტიკური პროფილის გამოთხოვა და საქართველოს დნმ-ის მონაცემთა ბაზაში მათი ასახვა.

შევა თუ არა რაიმე სახის ცვლილება კანონპროექტში და რა ფორმით მიიღებს საბოლოოდ მას პარლამენტი, ჯერ უცნობია.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend