ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა სომხეთთან „კეთილგანწყობილი ურთიერთობის“ შენარჩუნების ინიციატივით გამოდის.
განცხადება რუსეთის ერთ-ერთი მოკავშირე რესპუბლიკის ლიდერმა საკუთარ რეზიდენციაში ბელარუსში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა. მიმართვისას ალექსანდრ ლუკაშენკამ ერევანსა და მინსკს შორის „ადრინდელი ურთიერთობის“ აღდგენა ისურვა და განაცხადა, რომ წლების განმავლობაში სომხეთს ყველა შესაძლო ფორმით ეხმარებოდნენ, თუმცა მათი გზა ევროკავშირისა და დასავლეთისკენ მიმართული აღმოჩნდა.
შეხვედრაზე ბელარუსის ლიდერმა კვლავ გააკრიტიკა დასავლეთი. მისი შეფასებით, დასავლურ ქვეყნებში არავინ აპირებს არც უკრაინისა და არც სომხეთის რაიმე ფორმით მხარდაჭერას.
რამდენიმე კვირის წინ სომეხი ერის მისამართით ალექსანდრ ლუკაშენკას დისკრიმინაციული განცხადებების გამო ერევანში ბელარუსის საელჩოსთან მოქალაქეები შეიკრიბნენ და დიპლომატიურ უწყებას სხვადასხვა ნივთი დაუშინეს.