ისრაელი განაგრძობს ღაზის სექტორსა და ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ავიაიერიშის მიტანას. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 25 პალესტინელი, მათ შორის 16 ქალი და 4 ბავშვი. როგორც ცნობილია, ისრაელმა ბოლო რამდენიმე კვირაა, გააძლიერა სამხედრო რეიდი ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, სადაც ქალაქ ჯენინში მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ჩატარდა.
პალესტინის ტერიტორიებზე ისრაელის თავდასხმებს 25 ადამიანი ემსხვერპლა. ღაზის ხელისუფლება აცხადებს, რომ 20 ადამიანი, მათ შორის 16 ქალი და რამდენიმე ბავშვი, ღაზის სექტორში დაიღუპა. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის მიერ უსაფრთხო ზონად გამოცხადებულ არეალში კარვების ბანაკზე მიტანილი იერიშის შედეგად 19 პალესტინელი დაიღუპა, ცენტრალურ ღაზაში, ბურუჯის ლტოვილთა ბანაკში კი ერთი ადამიანი.
ამასთან, ისრაელის ავიაიერიშს ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ამავე რეგიონში საწვავით დატვირთული მანქანა ავტობუსის გაჩერებაზე შევარდა. მძიმედაა დაშავებული ერთ-ერთი ისრაელელი სამხედრო.
რამდენიმე კვირაა, ისრაელმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე სამხედრო რეიდი გააძლიერა. ისრაელელებმა ქალაქ ჯენინში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივი ოპერაცია ჩაატარეს, რასაც მნიშვნელოვანი ზიანი და ნგრევა მოჰყვა.