მთავარიევროპაუკრაინაენტონი ბლინკენი და დევიდ ლამი კიევში უკრაინის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ

ენტონი ბლინკენი და დევიდ ლამი კიევში უკრაინის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლამი 11 სექტემბერს კიევში ჩავიდნენ. ისინი შეხვდნენ უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალს და უკრაინისთვის დამატებით 1.5 მილიარდი დოლარის დახმარებაზე ისაუბრეს.

ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ 700 მილიონი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს. დევიდ ლამი კი უკრაინას 782 მილიონი დოლარის დახმარებას დაჰპირდა. მოსალოდნელი ცივი ზამთრის ფონზე ეს თანხა ძირითადად მოხმარდება ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებას, რომელიც რუსეთის სარაკეტო თავდასხმების ქვეშ არაერთხელ მოექცა.

პრემიერ-მინისტრის გარდა ბლინკენი და ლამი შეხვდნენ ვოლოდიმირ ზელენსკისაც. უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთისგან ითხოვს ნებართვას, გადაცემული რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს. ამერიკელმა და ბრიტანელმა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ ეს საკითხი ხელმძღვანელობასთან უნდა განიხილონ.

„ამ დისკუსიას უკვე ვაშინგტონში პრეზიდენტთან ერთად გავაგრძელებ. ვიცი, რომ დევიდ ლამიც იმავეს გააკეთებს. ჩვენ, ორივე, ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ ქვეყნის მეთაურებთან, როდესაც პარასკევს შევხვდებით მათ. ამ შემთხვევაში მე აშშ-ზე ვსაუბრობ. პირველივე დღიდან ვეხმარებით უკრაინას ყველაფრით, რაც ამ ომში იყო საჭირო. ბრძოლის ველი ნამდვილად ძალიან შეიცვალა. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ამ დამოკიდებულებას“, – აცხადებს ენტონი ბლინკენი.

„ავტორიტარიზმის გამოვლინება ყოველთვის ერთნაირი არ არის. მიუხედავად ამისა, 80 წლის შემდეგ, რაც სტალინმა ყირიმელი თათრების დეპორტაცია მოაწყო და 240 წლის შემდეგ, რაც ეკატერინე მეორემ ყირიმი დაიპყრო, პუტინმა ზუსტად იდენტური ქედმაღლობა, სიხარბე და ზიზღი გამოიჩინა დანარჩენი ერების უფლებების მიმართ. ეს არის იმპერიალიზმი. ეს არის ფაშიზმი. ამ კვირაში ჩვენ ყველას შევახსენეთ, თუ როგორ უჭერენ ავტორიტარული რეჟიმები მხარს პუტინს, როგორ უზრუნველყო ირანმა მოსკოვი ბალისტიკური რაკეტებით, რაც სერიოზული პრობლემაა“, – ამბობს დევიდ ლამი.

ბლინკენმა და ლამიმ კიევი მატარებლით დატოვეს. პარალელურად, რუსეთის კარგად შეიარაღებულ ბრიგადებს უკრაინის აღმოსავლეთ დონეცკის რეგიონში სარაკეტო იერიშები მიაქვთ. ეს კი მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობას ზრდის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend