აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატების სატელევიზიო დებატების შემდეგ მომღერალმა ტეილორ სვიფტმა სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ კამალა ჰარისს მხარდაჭერა გამოუცხადა. მომღერალს ინსტაგრამზე 283 მილიონი გამომწერი ჰყავს. მისმა პოსტმა ნახევარ საათში ორ მილიონზე მეტი მოწონება დაიმსახურა.
„ხმას კამალა ჰარისს ვაძლევ, რადგან ის იბრძვის იმ მიზნებისთვის, რომლებსაც, ვფიქრობ, რომ მებრძოლი ადამიანის დაცვა სჭირდება. ჩემი აზრით, ის მტკიცე, ნიჭიერი ლიდერია და მჯერა, რომ ამ ქვეყანაში უფრო ბევრს მივაღწევთ, თუ მას ვმართავთ სიმშვიდით, და არა ქაოსით”, – წერს ტეილორ სვიფტი.
გამოქვეყნებულ პოსტში სვიფტი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის პლატფორმა Truth Social-ზე გავრცელებულ ყალბ, ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ვიდეოსაც, რომელშიც სვიფტი თითქოს მხარს უჭერს ტრამპს. სვიფტი მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
მომღერალმა თავის გულშემატკივრებს მოუწოდა, კარგად შეისწავლონ საპრეზიდენტო კანდიდატების პროგრამები და ისე მიიღონ გადაწყვეტილებები. მან საზოგადოებას ხმის მისაცემად წინასწარი რეგისტრაციის საჭიროებაც შეახსენა.
ამერიკელი პოპვარსკვლავის ბოლო ტურნეს დროს გაყიდული ბილეთებიდან მიღებულმა შემოსავალმა 905 მილიონ ევროს გადააჭარბა.