23 წელი გავიდა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტიდან. ამერიკის შეერთებული შტატები მთელ მსოფლიოსთან ერთად 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების სერიისას დაღუპულ მოქალაქეებს იხსენებს.
23 წლის წინ დაჯგუფება „ალ ქაიდას“ თვითმკვლელმა ტერორისტებმა გაიტაცეს ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი, რომელთაგან ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს 17-წუთიანი ინტერვალით შეეჯახა. ორ საათზე ნაკლებ დროში ორივე 110-სართულიანი კოშკი ჩამოინგრა. მოგვიანებით, მესამე ლაინერი ვაშინგტონთან მდებარე ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის შენობის, პენტაგონის დასავლეთ ფასადს დაეჯახა.
მეოთხე თვითმფრინავი კი პენსილვანიის მინდორში ჩამოვარდა. სავარაუდოდ, ბოლო გატაცებული ლაინერი კაპიტოლიუმზე იერიშის მისატანად იყო განკუთვნილი. ტერორისტული თავდასხმებისას დაღუპულთა რაოდენობა დიდია. ოთხივე თვითმფრინავის ბორტზე მყოფთაგან ცოცხალი არავინ დარჩა. ტყუპ ცათამბჯენებში კი ადგილზე ან მიღებული დაზიანებების შედეგად მოგვიანებით 2 606 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა შორის 77 ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. ათასობით დაიჭრა ან სერიოზულად დაშავდა ტერაქტების შედეგად.
როგორც ამერიკის ხელისუფლებამ განაცხადა, ტერორისტული აქტი ავღანეთში, ისლამური ექსტრემისტული ქსელური ორგანიზაციის „ალ ქაიდას” მიერ დაიგეგმა. ტერორისტული დაჯგუფება საუდელი ოსამა ბინ ლადენის მეთაურობით ამერიკასა და მის მოკავშირეებს ისლამურ სამყაროში კონფლიქტების გაღვივებაში ადანაშაულებდა.
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი პასუხები მოჰყვა როგორც საშინაო, ისე საგარეო მიმართულებით. შემუშავდა ავიაუსაფრთხოების სპეციალური პროტოკოლი, ხოლო პრეზიდენტ ჯორჯ ბუში უმცროსის ინიციატივით მოკავშირეებთან ერთად ვაშინგტონმა ავღანეთში სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
დღეს ტრაგედიის ადგილას დაღუპულთა მემორიალი მდებარეობს. მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს ამერიკის მოქმედმა და ყოფილმა პრეზიდენტებმა ჯო ბაიდენმა და დონალდ ტრამპმა, ასევე ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა.