მთავარიამერიკააშშმთავარი გზავნილები ტრამპისა და ჰარისის პირველი დებატებიდან

მთავარი გზავნილები ტრამპისა და ჰარისის პირველი დებატებიდან

„ეს დებატები ჩემთვის საუკეთესო იყო“ – ამბობს დონალდ ტრამპი კამალა ჰარისთან პირველი დებატების შემდეგ, თუმცა ტელემაყურებელთა 63% ამ დაპირისპირების ლიდერად მის ოპონენტს ასახელებს. СNN-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მაყურებელთა უმრავლესობამ დებატების გამარჯვებულად დემოკრატიული პარტიის კანდიდატი დაასახელა. დებატებში, რომელიც 10 სექტემბერს ფილადელფიაში, ადგილობრივი დროით 9 საათზე დაიწყო, პრეზიდენტობის კანდიდატებმა საშინაო და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე იკამათეს და ერთმანეთი სიცრუეში არაერთხელ დაადანაშაულეს. მათ ისაუბრეს ეკონომიკასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასა და უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომებზე.

„მინდა, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს. მილიონობით ადამიანი იღუპება. მინდა ისინი გადავარჩინო. ყველაფერი უფრო რთულადაა, ვიდრე თქვენ აჩვენებთ. ვითარება უფრო და უფრო მწვავდება და ეს გზა მხოლოდ მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანს. ჩვენ მესამე მსოფლიო ომთან ვთამაშობთ. სად არის ჩვენ პრეზიდენტი ასეთ დროს? ის ძაღლივით გააგდეს საპრეზიდენტო კამპანიიდან. არც კი ვიცით, ცოცხალია, თუ არა. ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი ისაა, რომ ომი დასრულდეს. გაიმართოს მოლაპარაკებები“, – თქვა დონალდ ტრამპმა.

„ტრამპი რომ პრეზიდენტი იყოს, პუტინი უკვე კიევში იქნებოდა. მინდა გაიგოთ, რას ნიშნავს ეს. პუტინის პოლიტიკა მხოლოდ უკრაინას არ ეხება. მინდა გაიაზროთ, რატომ არიან ჩვენი ევროპული და ნატოს წევრი მოკავშირე ქვეყნები ასეთი მადლიერები იმისთვის, რომ თქვენ პრეზიდენტი აღარ ხართ. არიან მადლიერები იმისთვის, რომ ჩვენ გვესმის, რას ნიშნავს გვქონდეს მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი სამხედრო გაერთიანება. მადლიერები არიან იმისთვისაც, რაც გავაკეთეთ ზელენსკისა და უკრაინელებისთვის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის უნარი რომ შეგვენარჩუნებინა. ეს ასე რომ არ ყოფილიყო, პუტინი კიევში იქნებოდა და მისი ყურადღება ევროპის სხვა სახელმწიფოებისკენ იქნებოდა მიმართული. პირველ რიგში კი, პოლონეთისკენ. მიდით და უთხარით 800 000-მდე პოლონელ ამერიკელს, როგორ დანებდებოდით იმისთვის, რასაც თქვენ მეგობრობას უწოდებთ ცნობილ დიქტატორთან, რომელიც ცოცხლად შეგჭამდათ“, – განაცხადა კამალა ჰარისმა.

კამალა ჰარისმა და დონალდ ტრამპმა ისაუბრეს ისრაელ-„ჰამასის” ომზეც.

„7 ოქტომბერს ტერორისტულმა „ჰამასმა” 1200 ისრაელელი მოკლა. მათგან ბევრი ახალგაზრდა უბრალოდ კონცერტს ესწრებოდა. ქალები გააუპატიურეს. მაშინ ვთქვი და ახლაც ვამბობ, რომ ისრაელს თავის დაცვის უფლება აქვს. სიმართლეა ისიც, რომ ბევრი უდანაშაულო პალესტინელი დაიღუპა. დაიღუპნენ დედები და შვილები. რაც ვიცით, არის ის, რომ ომი უნდა დამთავრდეს. ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და მძევლების გათავისუფლება გვჭირდება. ამისთვის უწყვეტად ვიმუშავებთ. ვიმუშავებთ ომის იმგვარად გადაწყვეტისთვის, რომ დაცული იყოს ისრაელი და მისი ხალხი, და ასევე, დაცულები იყვნენ პალესტინელებიც. ერთი, რაშიც გარწმუნებთ, ისაა, რომ ისრაელს საკუთარი თავის დაცვის საშუალებას ყოველთვის მივცემ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ირანისა და მისი მარიონეტებისგან მომავალ საფრთხეს უკავშირდება. გამოსავალი ორი სახელმწიფოს პრინციპი უნდა იყოს, რაც საშუალებას მოგვცემს აღვადგინოთ ღაზა, სადაც პალესტინელებს ექნებათ დამსახურებული უსაფრთხოება და ღირსეულად ცხოვრებას შეძლებენ“, – თქვა კამალა ჰარისმა.

„მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არასდროს დაიწყებოდა. ჩემი პრეზიდენტობის პირობებში, რუსეთიც არასდროს გააკეთებდა იმას, რასაც აკეთებს. მე კარგად ვიცნობ პუტინს. ის არასდროს შევიდოდა უკრაინაში და დახოცავდა მილიონობით ადამიანს. ოთხი წლის განმავლობაში ამის მუქარაც კი არ არსებობდა. კამალა ჰარისს ისრაელი სძულს. ის არც კი შეხვდა ნეთანიაჰუს, როდესაც იგი კონგრესში ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლისთვის მივიდა. მას ისრაელი ეზიზღება. მჯერა, რომ თუ ის პრეზიდენტი გახდება, ისრაელი ორ წელიწადში აღარ იარსებებს. პროგნოზებში საკმაოდ კარგი ვარ, თუმცა, იმედი მაქვს, ამაში ვცდები. მას ისრაელთან ერთად არაბებიც სძულს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისი და „დემოკრატიული პარტია” ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის დანგრევაში დაადანაშაულა. კამალა ჰარისმა კი აღნიშნა, რომ ტრამპის პრეზიდენტობამ ქვეყანა „დიდი დეპრესიის“ შემდეგ უმუშევრობის ყველაზე მაღალ დონემდე მიიყვანა. დებატების დასკვნით ნაწილში, ჰარისმა აღნიშნა, რომ ტრამპის ხედვა, რომელსაც რესპუბლიკელი კანდიდატი ამომრჩევლებს სთავაზობს, მხოლოდ წარსულს უკავშირდება. თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა „დემოკრატიული პარტიის” კანდიდატი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას უმოქმედობის გამო გააკრიტიკა. განიხილეს ისეთი საკითხებიც, როგორიცაა მიგრაცია და აბორტის უფლება.

„იმ ორი ხედვიდან, რომლებიც ამ დებატებში მოისმინეთ, ერთი მომავალზეა ორიენტირებული, მეორე კი, წარსულზე. ტრამპის ხედვა ჩვენი უკან დახევის მცდელობაა, მაგრამ ეს არ მოხდება. მჯერა ამერიკელმა ხალხმა იცის, რომ ჩვენ გაცილებით მეტი რამ გვაერთიანებს, ვიდრე გვყოფს. შეგვიძლია, წინსვლის ახალი გზა დავისახოთ. ეს გზა არის გეგმა, რომელიც ამერიკელი ხალხის მისწრაფებებს, ოცნებებსა და იმედებს ითვალისწინებს. სწორედ ამიტომ, მე ვაპირებ შევქმნა შესაძლებლობებზე აგებული ეკონომიკა. ჩვენი გეგმა მცირე ბიზნესში ინვესტიციების გაზრდა, ხანდაზმულების დაცვა და ფასების შემცირებაა. მჯერა იმის, რისი გაკეთებაც ერთად შეგვიძლია. ეს ეხება მსოფლიოში ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციის შენარჩუნებას. ეხება იმ პატივისცემას, რომელსაც სამართლიანად ვიმსახურებთ. მათ შორის, ეხება ჩვენი ჯარის პატივისცემასა და იმაში დარწმუნებას, რომ ის მსოფლიოში საუკეთესოა. მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც დაიცავს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, დაიცავს ქალების უფლებას, საკუთარ სხეულთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები თავად მიიღონ“, – აღნიშნა კამალა ჰარისმა.

„კამალა ჰყვება, თუ რამდენის გაკეთებას აპირებს, რამდენი მშვენიერი საქმე აქვს გეგმაში. რატომ არ გაუკეთებია აქამდე? სამ წელიწად-ნახევარია აქ არის. მას სამ წელიწად-ნახევარი ჰქონდა საზღვრებზე არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად და სამუშაო ადგილების შესაქმნელად. რატომ არ გააკეთა ეს ყველაფერი? ახლავე უნდა წავიდეს. წავიდეს თეთრ სახლში, კაპიტოლიუმში. შეიკრიბონ და გააკეთონ ყველაფერი, რისი გაკეთებაც სურთ. მაგრამ ამას არ გააკეთებენ, რადგან მათ სწამთ იმის, რისიც არ სწამს ამერიკელ ხალხს. გვაქვს ომები ახლო აღმოსავლეთში. გვაქვს ომი რუსეთსა და უკრაინას შორის. ჩვენ მესამე მსოფლიო ომისკენ მივდივართ და ბირთვული იარაღისა და არსებული შეიარაღების სიმძლავრის გამო ეს იქნება ისეთი ომი, როგორიც არასდროს ყოფილა… მე აღვადგინე მთელი ჩვენი სამხედრო ძალა, მან კი ყველაფერი თალიბებს გადასცა. რა გაუკეთა ამ ხალხმა ჩვენს ქვეყანას… ყველაზე მძიმე ალბათ მილიონობით მიგრანტის შემოშვებაა. მათ შორის, ბევრი კრიმინალია და ისინი ამ ქვეყანას ანადგურებენ“, – თქვა დონალდ ტრამპმა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს ჩატარდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend