მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONიტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის 400-გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა

იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის 400-გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა

იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ გამოაქვეყნა 400-გვერდიანი ანგარიში, რომელშიც მან დეტალურად ისაუბრა იმ საკვანძო ხარვეზებსა და პრობლემებზე, რომლებიც ევროკავშირის განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას უშლის ხელს. მარიო დრაგიმ გამოყო ხუთი მთავარი საკითხი და აღნიშნა, რომ ამ საკითხების უგულებელყოფით ევროკავშირის კეთილდღეობა ან შესაძლოა, არსებობაც ეჭვქვეშ დადგეს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანგარიში შეიცავს გზავნილებს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უნდა დაიწყონ კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია ევროკავშირის შიგნით და გაამარტივონ გადაწყვეტილების მიღების პროცესები.

პირველი საკითხი შეეხება ევროკავშირის ფინანსურ განვითარებას. დრაგის აზრით, ყოველწლიურად საჭიროა 750-800 მილიარდი ევროს მობილიზება, თუ მათ აშშ-სა და ჩინეთისთვის კონკურენციის გაწევა სურთ. ევროკავშირს სჭირდება მეტი თანხა იმ პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც გეგმაში აქვს. საუბარია როგორც თავდაცვითი ტექნოლოგიებისა და ურთიერთკავშირების მექანიზმებზე, ისე მწვანე ენერგიასა და ხელოვნურ ინტელექტზე.

მეორე საკითხია „ჩინეთის პრობლემა“. მარიო დრაგის აზრით, ევროკავშირი ჩინეთს ერთი მხრივ, სავაჭრო პარტნიორად და, მეორე მხრივ, სისტემურ მეტოქედ, საფრთხედ აღიქვამს. ბოლო წლებში ევროკავშირის დამოკიდებულება ჩინური იმპორტისადმი საგრძნობლად გაიზარდა, რაც სერიოზული პრობლემაა. მარიო დრაგის თქმით, ჩინეთი იმდენად მნიშვნელოვან, ფუნდამენტურ საკითხებში არის ევროპის მეტოქე, რომ გულუბრყვილობა იქნება, „ჩინეთის პრობლემის“ არაღიარება. მისი აზრით, ეროვნული უსაფრთხოების მისაღწევად აუცილებელია ჩინურ ნედლეულსა და ციფრულ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების შემცირება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ელექტროჩიპების მწარმოებელი ქარხნების 75-90% აზიაში ფუნქციონირებს.

მესამე საკითხი შეეხება ევროკავშირის შიგნით ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნის პოტენციალს. დრაგი აღნიშნავს, რომ ევროპასა და აშშ-ჩინეთის ტექნოლოგიურ მიღწევებს შორის დიდი უფსკრულია და კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად ამ პრობლემის აღმოფხვრაა საჭირო. ამ ეტაპზე ევროკავშირში 100 მილიარდზე მეტი ევროს ღირებულების კომპანია არ არსებობს. ხელოვნური ინტელექტის მზარდი განვითარების ფონზე, ევროკავშირი ვერ გაჩერდება გასული საუკუნის ტექნოლოგიებზე. ევროპამ უნდა ჩადოს მეტი ინვესტიცია იმ ადამიანებში, რომლებსაც ინოვაციის ამბიცია და შესაძლებლობა აქვთ.

მეოთხე საკითხის განხილვისას მარიო დრაგიმ ისაუბრა ინდუსტრიის განვითარების საერთო გეგმის შემუშავების საჭიროებაზე, თუმცა გამოთქვა ვარაუდი, რომ ევროკავშირის წვერი ქვეყნები ვერ მივლენ კონსენსუსამდე. აშშ-სა და ჩინეთში ინდუსტრიის განვითარების სტრატეგია მრავალმხრივია და მოიცავს გადასახადებს, ვაჭრობას, საგარეო პოლიტიკასა და სხვა საკითხებს. თუმცა ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების კომპლექსური პროცესის გამო ასეთი სტრატეგიის შექმნა შეუძლებელია. სიტუაციას ართულებს შემუშავებული წესები. მაგალითად, ავტოინდუსტრიის განვითარებას აფერხებს ევროკავშირის რეგულაციები ელექტრომანქანებზე გადასვლისა და საწვავის ჩანაცვლების შესახებ. ევროპულ კომპანიას კონკურენციის გაწევა უწევს ძლიერ სუბსიდირებულ ჩინურ კომპანიებთან, რომლებიც ელექტრომანქანებს აწარმოებენ.

მეხუთე საკითხი, დრაგის აზრით, ბევრი სხვა პრობლემის სათავეა და ეხება ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ის მოითხოვს ამ მიმართულებით რეფორმის გატარებასა და პროცესის გამარტივებას, ვეტოს დადების უფლების გაუქმებასა და სხვა საკითხებს. დღეს ევროკავშირი ცდილობს, გაუმკლავდეს რამდენიმე ეკონომიკურ კრიზისს, ომსა და კლიმატის ცვლილებას. გადაწყვეტილების მიღების პროცესი კი საშუალოდ 19 თვე გრძელდება. 2019 წლის მონაცემებით, ევროკავშირმა 13 000-ამდე საკანონმდებლო აქტი შემოიღო მაშინ, როცა აშშ-მ მიიღო 3000-ამდე რეზოლუცია. დრაგის აზრით, უმჯობესი იქნება, ევროკავშირმა მიიღოს ნაკლები კანონი და უფრო მეტად იყოს ორიენტირებული კონკრეტულ პრობლემებზე.

მარიო დრაგის ანგარიშმა განაახლა საუბრები იმ პრობლემებზე, რომლებიც ევროკავშირის შექმნის დღიდან დებატებს იწვევს. თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში რადიკალი მემარჯვენე და კონსერვატიული ძალების მხარდაჭერის ზრდის ფონზე, ანგარიშში ხაზგასმული პრობლემების მოგვარებისა და მეტი ინტეგრაციის მიღწევა შეუსრულებელ ამოცანად მიიჩნევა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოთქვა სურვილი, შეცვალოს ეს რეალობა და საკითხი დღის წესრიგში დააყენოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend