ევროპაში მაღალ ტემპერატურასა და ნალექის ნაკლებობას მძიმე შედეგები მოჰყვა. მიმდინარე წლის ზაფხულში ძლიერი სიცხის გამო ბოსნიაში რამდენიმე ტბა თითქმის სრულად დაშრა. ბოსნიაში ბილეჩის ტბა ჰიდროელექტროენერგიის წყაროა, ამასთანავე, ის პოპულარული საბანაო და მოსასვენებელი ადგილიცაა. წელს წყლის დონემ რეკორდულად დაიწია, რამაც გავლენა იქონია ბალკანური ქვეყნის როგორც ტურიზმზე, ისე ენერგოსექტორზე.
ბილეჩის მკვიდრი ბლაგოე ზარე ამბობს, რომ ეს ადგილი, როგორც წესი, წყლით არის დაფარული. სანაპიროც ძალიან ლამაზია. ახლა კი წყლის დონემ ისე დაიწია, რომ ყველას, მათ შორის მოცურავეებსაც, გაუჭირდებათ ტბამდე მისვლა. აქ ახლა სხვა სიტუაციაა. გეგონება, რომ სხვა პლანეტაზე ხარ.
პოლონეთში ჰიდროლოგები რამდენიმე დღის განმავლობაში აფრთხილებდნენ მოსახლეობას, რომ მდინარე ვისლაში წყლის დონე რეკორდულ ნიშნულამდე შემცირდებოდა. მართლაც, ორშაბათს, ცხელი უქმეების შემდეგ, წყლის დონე მხოლოდ 24 სანტიმეტრს აღწევდა, რაც ორი სანტიმეტრით ნაკლებია ცხრა წლის წინანდელ მაჩვენებელზე.