ხვალ, 11 სექტემბერს, მთელი საქართველოს მასშტაბით იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება. ამისთვის საარჩევნო ადმინისტრაციამ თბილისსა და რეგიონებში 598 უბანი მოამზადა. ცესკოს ცნობით, იმიტირებული არჩევნები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებშიც ჩატარდება.
როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიასთან განმარტა, იმიტირებულ პროცესში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია და ამისთვის წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის. მისივე თქმით, ამომრჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად გაეცნონ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობის სპეციფიკას.
„საარჩევნო მოხელეები დაინტერესებულ პირებს განუმარტავენ რეგისტრაციის პროცედურას, ისინი ასევე თავად გაივლიან ხმის მიცემის შემდეგ პროცედურებს: რეგისტრატორის მაგიდასთან ბიულეტენზე საცდელი წრის გაფერადება, ფარული კენჭისყრის კაბინაში ბიულეტენზე წრის გაფერადება, ფარულობის უზრუნველყოფის მიზნით ჩარჩო-კონვერტში ბიულეტენის მოთავსება, ხმის მთვლელ აპარატში (ყუთში) ბიულეტენის მოთავსება“, – უთხრა ჟურნალისტებს ნათია იოსელიანმა.
26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ისტორიაში პირველად ელექტრონულად ჩატარდება. ამომრჩეველთა 90% ხმას საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს.
ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელ უბნებზე გაიმართება იმიტირებული კენჭისყრა, განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე.