მთავარისაქართველოწინანდლის ფესტივალი დასრულდა

წინანდლის ფესტივალი დასრულდა

წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა. გუშინ, 8 სექტემბერს, წინანდლის მამულში კლასიკური მუსიკის ფესტივალის ბოლო, მე- 17 კონცერტი გაიმართა.

მსმენელის წინაშე პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი წარდგა. მას ცნობილი დირიჟორი ფრანსუა ლელუ ხელმძღვანელობდა. ორკესტრმა ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, იოზეფ ჰაიდნისა და ფელიქს მენდელსონის ნაწარმოებები შეასრულა.

კონცერტის შემდეგ პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის წევრებს ფესტივალის დამფუძნებლებმა მიმართეს.

„დღეს წლევანდელი სეზონის ბოლო დღეა. უკვე მეექვსე წელია, რაც ამ შესანიშნავ ფესტივალზე ავი შოშანსა და მარტინ ენგსტრომთან ერთად ვმუშაობთ. ძალიან დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი დღეებისთვის. ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ. მჯერა, რომ ამ ყველაფერს მომავალში ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ექნება. ძალიან ბედნიერები და ამაყები ვართ, რომ აქ ხართ, რომ აქ შეიძინეთ მეგობრები. ჩვენ, ყველა, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად სასიამოვნო გარემო შევქმნათ”, – განაცხადა „სილქ როუდ ჯგუფის” დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.

„იმედი მაქვს, რომ ამ ბრწყინვალე კონცერტების შემდეგ ყველა თქვენგანი სახლში არაჩვეულებრივი მოგონებებით დაბრუნდება. დაბრუნდება სიახლეებით, რაც ისწავლა და შეძლებს სხვებსაც გაუზიაროს. ჩვენ ბედნიერები ვართ, წელს პანკავკასიური ორკესტრი უბრალოდ სენსაციური იყო. ერთი რამ თავისუფლად შემიძლია გითხრათ – ეს დღეები და ეს კვირა 30 წლის შემდეგაც კი გემახსოვრებათ. ძალიან ბედნიერი ვართ, რომ გვყავდა ასეთი ტალანტები, რომლებთან ერთადაც დავუკარით. იყავით ბედნიერი და ეს ემოციები ყველგან გაიყოლეთ. მე იმედს ვიტოვებ, რომ მომავალ წელსაც შევხვდებით”, – განაცხადა ავი შოშანმა, წინანდლის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა.

„წინანდლის ფესტივალზე მეორედ ვარ და ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა აქ ყოფნა. ნორვეგიის საელჩო პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის დიდი მხარდამჭერია. ეს შესანიშნავი პროექტია და ბედნიერები ვართ, რომ მათ ვაფინანსებთ. ეს ორკესტრი რეგიონის სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსებს აერთიანებს. ის მთელ რეგიონში უწყობს ხელს ტოლერანტობასა და მეგობრობას. მუსიკას ნამდვილად შეუძლია დაამყაროს მშვიდობა. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. ეს, მართლაც, შესანიშნავი კონცერტი იყო”, – აცხადებს ბერგლიოტ ჰოვლანდი, ნორვეგიის ელჩი საქართველოში.

„წინანდლის ფესტივალზე მეორედ ვარ. აქ პირველად გასულ წელს ჩამოვედი და შესანიშნავ მუსიკოსებს მოვუსმინე. წელსაც ძალიან მინდოდა ამ არაჩვეულებრივ კონცერტებს დავსწრებოდი. ძალიან ბევრი ცნობილი ევროპელი ვირტუოზი უკრავდა, მათ შორის ფრანგი მუსიკოსები. ყველა მუსიკოსი მსმენელის წინაშე ისე წარდგა, თითქოს წლებია ერთად უკრავენ, მათ შორის ქართველი მუსიკოსები. აქ ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზეა და ხარისხი ყოველწლიურად სულ უფრო მეტად იზრდება. მე მხოლოდ ის შემიძლია, რომ ყველას მოვუწოდო ერთხელ მაინც დაესწრონ ამ ფესტივალს”, – აცხადებს საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი.

წინანდლის მამულში სტუმრებს 9 დღის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდნენ როგორც დღის კონცერტს, ასევე საღამოს, ამფითეატრის სცენიდან მოესმინათ ბეთჰოვენის, შოპენის, ბრამსისა და ჩაიკოვსკის კომპოზიციები.

წინანდლის ფესტივალის პარალელურად წინანდლის მამულში გაიხსნა აბსტრაქციონისტი ფერმწერის, ჯიბსონ ხუნდაძის, გამოფენაც, რომლის წარმდგენი კომპანია „სილქნეტია“. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილია მხატვრის ათამდე ნამუშევარი. ექსპოზიცია წინანდლის მამულში ნოემბრამდე გაგრძელდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend