უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელმა ქვეყნის ელჩებსა და კონსულებთან შეხვედრის შემდეგ საკადრო გადაწყვეტილებები მიიღო. მან თანამდებობიდან გაათავისუფლა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირინა ბოროვეცი.
საკადრო ცვლილებების შესახებ მინისტრმა დაწერა სოციალურ ქსელში, სადაც საუბარია საქართველოზეც. ანდრეი სიბიგას განმარტებით, მან საქართველოში დროებით რწმუნებულს გრძელვადიანი მივლინება შეუწყვიტა.
მინისტრი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ხარიშინს არ ესმის ომში მყოფი სახელმწიფოს დიპლომატიის რეალიები. მისივე თქმით, ელჩებს სჭირდებათ კონკრეტული შედეგები, გამბედაობა და პროაქტიულობა. „ელჩები ომის რეალიებს მოწყვეტილი ვერ იქნებიან“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.
2 წელზე მეტია, უკრაინას საქართველოში ელჩი არ ჰყავს. 2022 წელს ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის მიზეზად კი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესახებ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია დაასახელა.