მთავარიმსოფლიოევროპარუსულმა დრონმა რუმინეთისა და ლატვიის საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსულმა დრონმა რუმინეთისა და ლატვიის საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსულმა დრონმა გასული 2 დღის განმავლობაში (7-8 სექტემბერი) NATO-ს წევრი ქვეყნების, რუმინეთისა და ლატვიის, საჰაერო სივრცე დაარღვია. რუმინეთი მოსკოვს მოუწოდებს, არ გაამწვავოს ვითარება. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც რუსეთი თავს დაესხა სამოქალაქო ობიექტებსა და საპორტო ინფრასტრუქტურას უკრაინაში.

საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად რუმინეთმა F-16-ის ტიპის ორი თვითმფრინავი გამოუშვა. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კი აღმოსავლეთის ორი რეგიონის მცხოვრებლებს გამაფრთხილებელი შეტყობინებები გაუგზავნა. წინასწარი მონაცემებით, ინციდენტი სოფელ პერიპრავასთან ახლოს, დაუსახლებელ ადგილას, მოხდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. რუმინეთმა მკაცრად დაგმო რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, მომხდარი საერთაშორისო ნორმების დარღვევად შეაფასა და ინციდენტს გაუმართლებელი უწოდა.

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი სოციალურ მედიაპლატფორმა X-ზე წერს, რომ რუსული სამხედრო დრონი ლატვიის აღმოსავლეთ ნაწილშიც ჩამოვარდა. როგორც ლატვიელი სამხედროები ამბობენ, დრონი ბელარუსის საჰაერო სივრციდან შემოფრინდა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ედგარ რინკევიჩის თქმით, ბოლო დროს NATO-ს აღმოსავლეთის ფლანგზე გახშირებულია მსგავსი შემთხვევები. ლატვიის მთავრობა აპირებს, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს NATO-ს შესაბამის უწყებებს.

რუსული დრონის ფრაგმენტებს პოლონეთშიც ეძებენ. როგორც პოლონეთის ხელისუფლება ვარაუდობს, დრონი ქვეყნის საჰაერო სივრცეში 26 აგვისტოს უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის დროს შევიდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend