„არჩევნების შედეგების მიხედვით, ხელისუფლების სხვადასხვა დონე ჩამოყალიბდება. ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ამას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს კი, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“ – რეგიონულ არჩევნებში ხმის დისტანციურად მიცემის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საკუთარ მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ ამ სიტყვებით მოუწოდა. ხმის მიცემა მნიშვნელოვანია – ეს იყო მთავარი გზავნილი, თუმცა რუსეთის მოქალაქეების მისვლას საარჩევნო უბანზე არაფერი შეუცვლია. არჩევნები დასრულებულია. შედეგები კი ამგვარია: ყველა რეგიონული პარლამენტი ვლადიმერ პუტინის პარტიის, „ედინაია როსიას“, კანდიდატების ხელშია. რეგიონების ყველა მოქმედი ხელმძღვანელი კი, თავის ადგილზე რჩება.
6-7 და 8 სექტემბერს რეგიონული და მუნიციპალური არჩევნები რუსეთის 83 რეგიონში ჩატარდა. სამ რეგიონში ჩატარდა სახელმწიფო სათათბიროს შუალედური არჩევნები. გუბერნატორებს კენჭი უყარეს 21 რეგიონში, 11 რეგიონში, ასევე, ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში ადგილობრივ პარლამენტს, ორ ქალაქში კი მერს ირჩევდნენ.
გუბერნატორის არჩევნებში 21-დან 20 რეგიონში „ედინაია როსიას“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. მხოლოდ ერთ, იმიერბაიკალეთის მხარეში გაიმარჯვა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რომელსაც პუტინის პარტიიდან მოწინააღმდეგე არ ჰყოლია. „ედინაია როსიას“ უმრავლესობა ექნება ყველა იმ რეგიონის პარლამენტშიც, სადაც შესაბამისი არჩევნები ჩატარდა. პლატფორმა „ტელეგრამის” არხებით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ხელისუფლების კანდიდატებს ენიჭებათ მოსკოვის საქალაქო დუმის 45-ვე მანდატიც.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნების მიმდინარეობისას სერიოზული პრობლემები არ წარმოქმნილა. არაერთი მედიასაშუალება კი ბევრ რეგიონში საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე, მათ შორის, მოსყიდვაზე, აგიტაციაზე, დამოუკიდებელ დამკვირვებელთა საარჩევნო უბნებიდან ჩამოშორებასა თუ საარჩევნო ყუთში ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრაზე წერს.
არჩევნები ჩატარდა კურსკის ოლქშიც, მიუხედავად იმისა, რომ საზღვრისპირა რეგიონში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ელა პამფილოვას განცხადებით, ამგვარი იყო ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა. კურსკი იმ რეგიონებს შორის მოხვდა, სადაც ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. პამფილოვამ ეს განმარტა, როგორც ადეკვატური პასუხი „ბანდიტებისა და ყაჩაღების“ ქმედებებზე. ოლქში კენჭისყრა 12 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქ გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს, ალექსეი სმირნოვს, ამომრჩეველთა 65.3% მიემხრო, რაც ამ არჩევნებზე ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შედეგია.
„ჩვენ ვნახეთ აფეთქება, დაბომბვა, დრონები. ყველაფერი ვნახეთ და აღარაფრის გვეშინია. მთავარია, ხალხი კენჭისყრაზე წავიდეს, რადგან ჩვენ მშვიდობა და სიმშვიდე გვინდა კურსკში. გვინდა, რომ ყველამ დიდხანს და ბედნიერად იცხოვროს. ამიტომ ვართ აქ და არაფრის გვეშინია“.
„კურსკში ძლიერი ხალხი ცხოვრობს. პირადად მე სირენები და საჰაერო თავდაცვის სისტემები საერთოდ არ მაწუხებს. ამ მხრივ ძალიან მშვიდად ვარ“.
„ახლა ის დროა, როცა ერთიანები უნდა ვიყოთ. უნდა მოვიდეთ და ჩვენი შეუპოვრობა უნდა ვაჩვენოთ. ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა“, – ამბობენ ადგილობრივი მაცხოვრებლები.
არაერთ რეგიონში ხმის მიცემა ელექტრონულად ჩატარდა. ამასთან, კენჭისყრა რამდენიმე დღე გაგრძელდა. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ფაქტორების გაყალბების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიაში კი ამბობენ, რომ არჩევნების დისკრედიტაციისთვის სერიოზული მიზეზები არ არსებობს.