მთავარიევროპაუკრაინაპარტნიორების დახმარება უკრაინის არმიას

პარტნიორების დახმარება უკრაინის არმიას

გერმანიაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების რამშტაინის ბაზიდან ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში მნიშვნელოვანი სიახლეებით დაბრუნდა. იმ ფონზე, როდესაც კრემლის არმია დონეცკის ცენტრალურ ნაწილში, პოკროვსკის ფლანგზე, წინ ვეღარ მიიწევს, თუმცა უკრაინულ ქალაქებს კვლავ ბომბავს, დასავლეთში დახმარების ახალ მიმართულებებზე შეთანხმდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაჯამა რამშტაინში შეხვედრა და კიდევ ერთხელ მოითხოვა, მისცენ მას დასავლური შეიარაღების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება. როგორც ზელენსკი ამბობს, კრემლი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასაც ბომბავს. მისი აზრით, რუსეთის მოლაპარაკებებზე დათანხმება მხოლოდ შორ მანძილზე იერიშებს შეუძლია. რამშტეინში გადაწყდა, რომ აშშ-ის გარდა უკრაინას დახმარებას გაუწევენ სხვა პარტნიორი ქვეყნებიც. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი საუბრობს დახმარების იმ კონკრეტულ მიმართულებაზე, რომელიც კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, შვედეთმა, ნიდერლანდებმა და ესპანეთმა განსაზღვრეს.

„კანადა მოგვაწვდის დიდი რაოდენობით ძრავას უმართავი საავიაციო რაკეტებისთვის და ასევე 1300 საბრძოლო ქობინს. ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს საჰაერო ოპერაციების დროს. დახმარების ახალი პაკეტით გათვალისწინებულია ტყვიამფრქვევებისა და სხვა შეიარაღების ელემენტების, ასევე სასწრაფო დახმარების ავტომობილების გამოგზავნა. დიდი ბრიტანეთი უკრაინას გადასცემს 650 მსუბუქ მრავალფუნქციურ რაკეტას. უკრაინის დახმარების პროცესს აგრძელებს ნიდერლანდები. შვედეთი დაეხმარება უკრაინას ტერიტორიის განაღმვაში, ესპანეთი კი გადასცემს ქვეყანას საჰაერო თავდაცვის სისტემებს“, – აღნიშნეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს ფრონტის მთელ ხაზზე. ერთ დღეში კრემლმა 73 საავიაციო იერიში მიიტანა უკრაინაზე. უწყებაში ასევე ამბობენ, რომ რუსეთის არმია აკრძალულ იარაღს იყენებს ფრონტზე: „მტერი უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ კვლავ იყენებს სპეციალურ შეიარაღებასა და ქიმიურ ნივთიერებებს. აგვისტოში მსგავსი შემთხვევა 447-ჯერ გამოვლინდა, 2023 წლის თებერვლიდან აგვისტოს ბოლომდე კი – 4035-ჯერ. ჩვეულებრივ საბრძოლო მასალასთან ერთად მტერი აკრძალული და საშიში ქიმიკატებით სავსე საბრძოლო მასალასაც აქტიურად იყენებს, მათ შორისაა გაურკვეველი ქიმიური ნივთიერებებიც. ამით რუსეთი არღვევს ომის წარმოების წესებს და უხეშად არღვევს კონვენციებით გათვალისწინებულ ნორმებსა და ვალდებულებებს“.

ოფიციალური მონაცემებით, ერთ დღეში ფრონტზე 164 სხვადასხვა ინტენსივობის საბრძოლო იერიში მოიგერიეს უკრაინელმა სამხედროებმა. აქედან ყველაზე აქტიურ არეალში, დონეცკის ცენტრალურ მიმართულებაზე, 60-ზე მეტჯერ უკუაგდეს რუსები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend