ისრაელი კვლავ უტევს ღაზის სექტორს. ერთ-ერთი ბოლო თავდასხმა ნუსეირატის დასახლებაში ლტოლვილთა ბანაკზე იყო, რასაც 2 მცირეწლოვანი ემსხვერპლა. მაშველები ამ დრომდე ცდილობენ ნანგრვებიდან მოქალაქეების გამოყვანას. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ კვლავ არიან ქალები და ბავშვები.
მასირებული თავდასხმების პარალელურად, ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი ღაზის სექტორში ჩავიდა, სადაც ჯარისკაცებს განუცხადა, რომ ისრაელი ყველა შესაძლო სცენარისთვის ემზადება. მან მებრძოლებთან ერთად განიხილა „ჰეზბოლასთან“ შეტაკებების საკითხიც.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, 8 სექტემბერს ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ყველა მათგანის გაანადგურება შეძლეს, თუმცა რამდენიმე რაკეტა დასახლებულ პუნქტში ჩამოვიდა. მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. „ჰეზბოლა“ ამ იერიშს შურისძიებით ხსნის, ლიბანზე მიტანილი იერიშის გამო.
ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ სამხედრო ოპერაციების დროს ცდილობენ, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს თავი აარიდონ, თუმცა სხვას ამბობს სტატისტიკა. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ, ისრაელის თავდასხმებს 40 000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.
აშშ, კატარი და ეგვიპტე კი ამ დრომდე ცდილობენ სამშვიდობო მოლაპარაკებებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შთანხმების მიღწევასა და ჰამასის მიერ გატაცებული ისრაელელი მძევლების დაბრუნებას ღაზის სექტორიდან.