სხვადასხვა ოფიციალური წყარო მედიასთან ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა მოკავშირეებს აცნობა, ირანის მხრიდან რუსეთისთვის მოკლე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ.
ამ ინფორმაციას ადასტურებს ორი ამერიკელი მაღალჩინოსანი, თუმცა ისინი ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, რამდენი რაკეტა გადაეცა რუსეთს და სად მოხდა გადაცემა. ირანი რუსეთს შაჰედის დრონებს 2022 წლის შემოდგომიდან აწვდის. თეთრი სახლი თეირანს უკვე თვეებია აფრთხილებს რუსეთისთვის რაკეტების გადაცემის თაობაზე.
ამის პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათმა სამხედროებმა გაათავისუფლეს სოფელი კალინოვე, რომელიც პოკროვსკიდან 25 კილომეტრში მდებარეობს. რუსეთი უკვე თვეებია წინ მიიწევს ამ სტრატეგიული კვანძისკენ, სადაც გასულ თვეს უკრაინულმა მხარემ სავალდებულო ევაკუაციის შესახებ ბრძანება გასცა.