დეზინფორმაციასთან ბრძოლის ქსელმა (CDN), რომელიც აერთიანებს 130-მდე ფაქტების გადამმოწმებელს, გამოაქვეყნა კიდევ ერთი ანგარიში, რომელიც შეეხება რუსულ დეზინფორმაციულ კამპანიას პლატფორმა X-სა და facebook-ზე ევროკავშირის ქვეყნებში.
მათ მიმდინარე წლის ივნისის პერიოდში აღმოაჩინეს 1300-მდე პრორუსული პოსტი, რომლებიც ვრცელდებოდა ქსელში და პოსტში წარმოდგენილი იყო ე.წ. რუსული ორეული მედია. Russian Doppelganger ანუ რუსული ორეულები ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაციის ოპერაცია, რომლის დროსაც ხდება ლიცენზირებული მედიასტრუქტურების იმიტაცია, რათა გავრცელდეს რუსეთისთვის სასარგებლო ნარატივი.
ამ ორეულებმა შექმნეს მეტასა და X-ზე ვებგვერდები, რათა მედიაორგანიზაციას მეტი სანდო ვიზუალი ჰქონოდა. ამ გვერდებზე ისინი სხვადასხვა ევროპულ ენაზე ავრცელებენ კრემლისთვის სასარგებლო კონტენტს, მათ შორის ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად, იტალიურად, პოლონურად და უკრაინულად.
პოსტები, რომლებიც ამ გვერდების მიერ ვრცელდებოდა, ძირითადად ეძღვნებოდა უკრაინის კრიტიკას, კონკრეტული ქვეყნის შიდა საკითხები, როგორებიცაა: ინფლაცია და დასავლური ალიანსებისთვის ძირგამომთხრელი ცნობები. ეს ორეულები გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში მხარს უჭერდნენ აქტიურად მემარჯვენე პოლიტიკურ პარტიებს.
ცნობისთვის, ევროკავშირი უკვე იძიებს კომპანია „მეტაზე“ შეცდომაში შემყვანი დეზინფორმაციისა და რეკლამების საქმეს და ასევე საქმე არის აღძრული ილონ მასკის X-ზე დაკავშირებით ინფორმაციის მანიპულაციის ბრალდებით.