წინანდლის მამულში უკვე თითქმის ერთი კვირაა, წინანდლის ფესტივალი მიმდინარეობს. კონცერტებს მართავენ მსოფლიო დონის მუსიკოსები მსოფლიოში აღიარებულ დირიჟორებსა და ტრადიციულად პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად.
დღეს, 5 სექტემბერს, წინანდლის მამულის სცენაზე მსმენელის წინაშე წარდგნენ ცნობილი პიანისტები ბორის გილტბურგი და ალექსანდრე მალოფეევი.
„წინანდლის ფესტივალს მეორედ ვესწრები და ეს ადგილი, მართლაც, რომ განსაკუთრებულია. ულამაზესი ბუნების, არქიტექტურისა და შესანიშნავი მუსიკის კომბინაცია საოცარია, აღარაფერს ვამბობ ქართულ, ძალიან გემრიელ სამზარეულოსა და იმ კერძებზე, რომელთა დაგემოვნების შესაძლებლობაც წინანდალში გვაქვს. აქ განსაკუთრებულად თბილი ხალხია და ძალიან სასიამოვნოა, რომ უკვე მეორედ მაქვს მათთან ყოფნის შესაძლებლობა”, – განაცხადა პიანისტმა ბორის გილტბურგმა.
წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორის დავით საყვარელიძის თქმით, ფესტივალის პოპულარობა ყოველ წელს იმატებს.
„ძალიან დატვირთულია მეექვსე სეზონი. ოფიციალური ღონისძიებების გარდა დავამატეთ რამდენიმე კონცერტი, რომლებიც იმართება საღამოს 10 საათზე. კონცერტებზე უკრავენ მუსიკოსები, მოწვეული ჯგუფები და ასევე პანკავკასიური ორკესტრის წევრები, რაც ძალიან გვახარებს. ეს ორკესტრი უკვე აერთიანებს ახალგაზრდებს 7 ქვეყნიდან, ხოლო მომავალი წლისთვის უზბეკეთის მთავრობამ გამოთქვა ძალიან დიდი სურვილი, რომ უზბეკეთიდანაც ჩაერთონ ახალგაზრდები ამ ორკესტრში”, — განაცხადა ფესტივალის გენერალურმა დირექტორმა დავით საყვარელიძემ.
მრავალფეროვანი იყო 4 სექტემბრის საღამოც, როდესაც წინანდლის სცენაზე ექვსმა შემსრულებელმა ბრამსი და შუმანი ააჟღერა.